„საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა დამყარებულია კერძო სექტორის განვითარებაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მლრდ. ლარი შეადგინა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 20.0 პროცენტით არის გაზრდილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა მაშინ, როდესაც მსხვილი საწარმოების ბრუნვა 17.1%-ით არის გაზრდილი“ – აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდამ 20.5%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ზრდამ 19.6% შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვება 8.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის: მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 14.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 17 პროცენტით. [საშუალოსი 17.7%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 16.4%-ით]. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, პირველ რიგში, პოზიტიურად აისახა დასაქმებაზე – 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა. „მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც – 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8.0%-ით არის გაზრდილი და 1106.4 ლარს შეადგენს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია ყველა სექტორში. „ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 16.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 57.8%,), დამამუშავებელი მრეწველობის (16.7%,) და მშენებლობის (14.8%) სექტორებმა შეიტანეს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც – ამ მიმართულებით აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა (ზრდა 18.0%), მშენებლობა (ზრდა 18.0%), ვაჭრობა (ზრდა 8.2%) და ენერგეტიკა (ზრდა 34.8%). აქვე აღსანიშნავია გამოშვების მაღალი ზრდა ხელოვნების, გართობისა და დასვენების (ზრდა 39.1%), ასევე სასტუმროებისა რესტორნების სექტორებში (ზრდა 25.8%).
ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 5.1%), მშენებლობის (ზრდა 7.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 3.7%), ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.4%) სექტორები.
„სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით – უკვე დამტკიცებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე მუშაობის პროცესში უკვე გაიმართა არაერთი შეხვედრა რეფორმაში ჩართულ მხარეებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეფორმის გასატარებლად საჭირო ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარის სურვილია, რომ ევროკავშირი იყოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ერთ-ერთი თანამონაწილე.
საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის შესახებ პირველ ვიცე-პრემიერს მაისის ბოლოს აშშ-ში ვიზიტისას დეტალური საუბარი ჰქონდა სავალუტო ფონდში. „მოგეხსენებათ, ფისკალური ჩარჩოს კუთხით, თუ ეს ეხება ბიუჯეტიდან გარკვეული მიმართულების სტიმულირებას, რა თქმა უნდა, დონორ ორგანიზაციებთანაა შესათანხმებელი. ჩვენ მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ და საბოლოო ჯამში, ამ რეფორმის გატარება კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმას, რომელიც ასე გვჭირდება“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.