ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა მისი 47-წლიანი წევრობისა და რეფერენდუმზე ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კენჭისყრიდან სამ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ისტორიული მომენტი ქვეყანაში ზეიმით და ამავე დროს ანტი-ბრექსიტის პროტესტით აღინიშნა.

პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღთქმა დადო, რომ ქვეყანას წინ წაიყვანს.

„რა თქმა უნდა არის ბევრი ისეთი ვინც სიბრაზეს გრძნობს და ასევე, რასაკვირველია არის მესამე ჯგუფი, შესაძლოა ყველაზე დიდი, რომელიც წუხდა, რომ მთელი ეს პოლიტიკური შუღლი არასოდეს დასრულდებოდა. მე ყველა მათაგანის განცდების მესმის და ჩვენი, როგორც მთავრობის სამუშაო, ჩემი სამუშაო არის ის, რომ ქვეყანა გავაერთიანო და წინ წავიყვანო“, განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მან თქვა, რომ „მთელი თავისი სიძლიერით და მთელი თავისი სათაყვანო ნიშან-თვისებებით ევროკავშირი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმ მიმართულებით განვითარდა, როელიც უკვე აღარ აკმაყოფილებს ჩვენ ქვეყანას. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი თქმაც ამაღამ შეიძლება, არის ის, რომ ეს არა დასასრული, არამედ დასაწყისია და მომენტი რეალური ეროვნული განახლებისა და ცვლილების“.

რა მოხდება ახლა?

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, ახლა როცა ქვეყანა აღარ არის ევროკავშირის წევრი, რამდენიმე ცვლილებას დაუყოვნებლივ იგრძნობენ, თუმცა ევროკავშირის უმეტესი კანონი, მათ შორის ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, გაგრძელდება 2020 წლის 31 დეკემბრამდე, იმ დრომდე, ვიდრე გარდამავალი პერიოდი დასრულდება.

დიდი ბრიტანეთი გეგმავს სამუდამო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირთან, მაგრამ ევროპელმა ლიდერებმა გააფრთხილეს დაუნინგ სთრითი, რომ ბრიტანეთს ბრიუსელთან მძიმე პოლიტიკური ბრძოლა მოუწევს, ამ ხელშეკრეულების „ბრექსიტის“ ბოლო ვადის გასვლამდე დასადებად.

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი და ბრიუსელი სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავიანთი ინეტერესებისთვის იბრძოლებენ. მან პატივისცემა გამოხატა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისადმი, რომელთაც „წვლილი შეიტანეს ევროკავშირის განვითარებისთვის და ის უფრო ძლიერი გახადეს“. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ბოლო დღე ევროკავშირში „ემოციური“ იყო.

როგორია აშშ-ის რეაქცია?

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა: „კმაყოფილი ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მორიგდნენ „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე, რომელიც პატივს სცემს ბრიტანელი ხალხის სურვილს.

„ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს მძლავრ, პროდუქტიულ და წარმატებულ ურთიერთობებს დიდ ბრიტანეთთან იმ დროს, როცა ისინი ახალ ეტაპზე გადადიან“, თქვა პომპეომ.

აშშ-ის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვუდი ჯონსონმა განაცხადა, რომ „ბრექსიტი“ „დიდი ხნის განმავლობაში“ იყო მხარდაჭერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ.

ამერიკის „სპეციალური ურთიერთობა“ დიდ ბრიტანეთთან „გაგრძელდება, აყვავდება და კიდევ უფრო გაიზრდება ამ ახალ აღმაფრთოვანებელ ეპოქაში, რომელსაც ბრიტანეთი ამჟამად იწყებს“, ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

როდის გაერთიანდა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში და რატომ გამოვიდა იქიდან?

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს, რომელიც მაშინ ცნობილი იყო, როგორც ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობა, 1973 წლის 1 იანვარს, მესამე მცდელობის შემდეგ შეუერთდა. ორი წლის შემდეგ პირველ საყოველთაო რეფერენდუმში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

მეორე რეფერენდუმი 2016 წლის ივნისში „კონსერვატორმა“ პრემიერ მინისტრმა, დევიდ ქამერონმა, თავისი თანაპარტიელი დეპუტატების და „დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის მზარდი ზეწოლიდან გამომდინარე გამართა. იგი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო და შესაბამის კამპანიას ატარებდა, თუმცა 52%-ით 48%-ის წინააღმდეგ მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, რის შემდეგაც ქამერონმა თანამდებობა დატოვა.

მისმა შემცვლელმა, ტერეზა მეიმ, არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო „ბრექსიტის“ შეთანხმების უზრუნველყოფა და თავადაც დაემშვიდობა პოსტს.

ტერეზა მეის შემდგომმა პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც, რომელიც 2016 წლის რეფერენდუმის კამპანიისას აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას, ასევე ვერ მოახერხა გეგმის განხორციელება და ეს მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და მასში დიდი უპირატესობით გამარჯვების შემდეგ შეძლო.

ჯონსონმა თემთა პალატაში საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭიროზე 80 ადგილით მეტი მიიღო და მისი დაპირება „ბრექსიტის“ შეთანხმების თაობაზე დეპუტატების მიერ ქრისტეშობამდე იქნა მხარდაჭერილი. კანონპროექტი კანონად 2020 წლის იანვარში იქცა, რის საფუძველზეც ქვეყანამ ევროკავშირი 31 იანვარს ოფიციალურად დატოვა.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ