ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, ამ უკანასკნელის მიერ  ევროგაერთიანების დატოვების შემდეგ, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც თევზჭერის უფლებებსა და მომავალი ბიზნეს წესების თაობაზე თვეების განმავლობაში არსებული უთანხმოება დასრულდა. დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონმა განაცხადა: „ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენს კანონებზე კონტროლი და ჩვენი დანიშნულება“.  

როგორც BBC იუწყება, შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ჯონსონის განცხადებით, ეს არის „კარგი შეთანხმება მთელი ევროპისთვის“.  

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში ორი ცალკე აღებული ბაზრების ჩამოყალიბებას განსაზღვრავს, ბიზნესებისთვის დიდ ცვლილებებს გულისხმობს.

როგორც BBC იტყობინება, სავაჭრო შეთანხმება დიდი შვება იქნება ბევრი ბრიტანული ბიზნესისთვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შიშობდა საზღვრებზე დაყოვნებას, ტარიფების დაკისრებასა და იმპორტზე გადასახადების დაწესებას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვან დერ ლეიენმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ხანგრძლივი და ზიგზაგოვანი გზის“ განვლის შემდეგ, „კარგი, სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმება“ შედგა და „ახლა დროა გადავშალოთ ახალი ფურცელი და გავიხედოთ მომავლისკენ“. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისთვის „სანდო პარტნიორად რჩება“.

GUARDIAN.GE