ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

„დიდი შვიდეული“ გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის გაცემაზე შეთანხმდა

„დიდმა შვიდეულმა“ (G7) გადაწყვიტა გაყინული რუსული აქტივები რუსეთის დამპყრობელ ძალებთან მებრძოლი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის მოსაზიდად გამოიყენოს.

დაახლოებით 325 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები „დიდმა შვიდეულმა“ ევროკავშირთან ერთად, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინა. აღნიშნული აქტივები წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.

„დიდი შვიდეულის“ გეგმის მიხედვით, ეს 3 მილიარდი დოლარი უკრაინელებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე აღებული 50 მილიარდი დოლარის სესხის წლიური პროცენტის დაფარვას მოხმარდება.

სამხრეთ იტალიის ქალაქ პუგლიაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ 50 მილიარდი დოლარის სესხით „ამ ფულს უკრაინისთვის გამოიყენებს და კიდევ ერთხელ იქნება იმის შემხსენებელი [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ] პუტინისთვის, რომ ჩვენ უკან არ დავიხევთ“. მაგრამ მოსკოვი „უკიდურესად მტკივნეული“ საპასუხო ზომებით იმუქრება.

ფულის მიღება წლის ბოლომდე არ არის მოსალოდნელი, მაგრამ ის გრძელვადიან გადაწყვეტილებად მიიჩნევა, რომელიც უკრაინის ომის და ეკონომიკის მხარდასაჭერად იქნება განკუთვნილი.

იტალიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა ასევე ხელი მოაწერეს უკრაინასა და აშშ-ს შორის 10-წლიან ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას, რომელსაც კიევმა „ისტორიული“ უწოდა.

შეთანხმება ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო და საწვრთნელ ფლანგზე დახმარებას უკრაინისთვის, მაგრამ ის არ ავალდებულებს ვაშინგტონს, რომ გაგზავნოს ჯარები თავისი მოკავშირის მხარდამხარ საბრძოლველად.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს „არ შეუძლია ჩვენი გაყოფა და ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკას და სხვა მოკავშირეებს მათი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე საუბრისას მან თქვა: „ეს ნამდვილად ისტორიული დღეა და ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ [1991 წელი] უკრაინასა და აშშ-ს შორის უძლიერეს შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი“.

„დიდი შვიდეული“ (G7) მდიდარი ქვეყნების ჯგუფია, რომელშიც შემდეგი ქვეყნებია გაერთიანებული: კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. „დიდი შვიდეული“ მნიშვნელოვანი ფინანსური და სამხედრო მხარდამჭერია უკრაინისთვის, რომელიც უკვე 2 წელიწადზე მეტია რაც რუსეთის საოკუპაციო ძალების შესაკავებლად იბრძვის.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ