ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი ორშაბათიდან ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ორშაბათ დილიდან ყველა სატრანსპორტო დერეფანს ჩაკეტავს, რათა კოვიდის „ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული ვირუსების რისკისგან დაიცვას“ ქვეყანა. ყველამ, ვინც კი საზღვარგარეთიდან ჩაფრინდება დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის უარყოფითი ტესტი უნდა წარმოადგინოს. ჯონსონმა თქვა, რომ ახალი წესები სულ მცირე 15 თებერვლამდე იქნება ძალაში.

BBC-ის ცნობით, ორშაბათს, 04:00 საათიდან (GMT) ყველა სამგზავრო დერეფანი ჩაიკეტება და დიდ ბრიტანეთში ჩასულებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, თუკი 5 დღის შემდეგ მათი ტესტირების შედეგი უარყოფითი არ იქნება.

პარასკევის მონაცემებით, ბრიტანეთში, ბოლო 24 საათში ვირუსის 55 761 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, წინა დღით კი 48 682 იყო დადასტურებული.

მთელ მსოფლიოში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 2 მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსისგან გარდაცვლილი.

პრემიერ მინისტრმა ჯონსონმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა „უკიდურესი ზეწოლის“ ქვეშაა და ბოლო დღეებში პაციენტების საავადმყოფოებში გადაყვანის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მხოლოდ სამშაბათს, საავადმყოფოებში 4 134 ახალი პაციენტი განათავსეს, მაშინ როცა დიდ ბრიტანეთს საავადმყოფოებში ამჟამად ჯამში დაახლოებით 37 000 კოვიდ პაციენტი ჰყავს.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც თებერვლის შუა პერიოდამდე რისკ ჯგუფებში ყველაზე მეტად მყოფი მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდება, მთავრობა იფიქრებს, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას შეზღუდვების მოსახსნელად.  

ინგლისში ამჟამად საყოველთაო ჩაკეტვაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები შინ უნდა დარჩნენ და მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების შემთხვევებში გავიდნენ  გარეთ, მაგალითად, საკვების საყიდლად, სავარჯიშოდ ან სამუშაოდ, თუ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა სახლიდან არ აქვთ. მსგავსი ზომებია გამოცხადებული შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის უმეტეს ნაწილებში.

GUARDIAN.GE