ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასს რიში სუნაკი შეცვლის. გადაწყვეტილება ამ წუთებში გახდა ცნობილი.

სუნაკი 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივლისამდე ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო და ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ პრემიერ მინისტრობისთვის ბრძოლაში ჩაება, მრავალრიცხოვან კანდიდატებს შორის დაწინაურდა კიდეც, თუმცა ლიზ ტრასთან ორთაბრძოლაში დამარცხდა. იგი 2015 წელს წელს დეპუტატი რიჩმონდიდან (იორკი) გახდა.

სუნაკი საუსჰამპტონში 1980 წელს ინდური წარმოშობის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ინგლისში აღმოსავლეთ აფრიკიდან გადავიდნენ ემიგრაციაში. მამამისი ექიმი იყო, ხოლო დედა კი საკუთარ აფთიაქს მართავდა.

სუნაკი დიდი ბრიტანეთის პირველი აზიური წარმოშობის და საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება.

მან განათლება მიიღო ვინჩესტერის კოლეჯში, ოქსფორდის უნივერსიტეტში და კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტში. სწორედ აშშ-ში გაიცნო მისი მომავალი მეუღლე აკშატა მერტი, ინდოელი მილიარდერისა და IT მაგნატის ქალიშვილი. მას და 42 წლის სუნაკს ორი ქალიშვილი ჰყავთ.

მას არასოდეს გაუკეთებია საჯარო კომენტარი იმის შესახებ, თუ რა სიმდიდრეს ფლობს, მაგრამ როგორც ცნობილია, იგი მილიონერი იყო ჯერ კიდევ 30 წლის ასაკის მიღწევამდე. სუნაკისა და მისი ოჯახის ფინანსები მიმდინარე წელს ინტენსიური ყურადღების ქვეშ მოექცა – ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მეუღლის საგადასახადო საქმეები. მაშინ მერტიმ თქვა, რომ იგი დაიწყებდა დიდ ბრიტანეთში გადასახადის გადახდას მის მიერ საზღვარგარეთ მიღებულ შემოსავალზე, რითაც შეამსუბუქებდა პოლიტიკურ ზეწოლას მეუღლეზე.

სუნაკი არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს, მაგრამ უყვარს კოკა-კოლა.

როგორ ვითარდებოდა პროცესები, ვიდრე სუნაკი ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა? 

კვირას, გვიან ღამით, ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის შემცვლელად თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკმარისი მხარდაჭერისა, გადაწყვიტა, რომ მისი კენჭისყრა მართებული არ იქნებოდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მან 102 მხარდამჭერით გადალახა ნომინაციების მაღალი ბარიერი, თუმცა, როგორც BBC იუწყება, საჯაროდ ეს, მხოლოდ 57-მა დეპუტატმა გააკეთა. მისი თქმით, იგი „კარგ მდგომარეობაში იქნებოდა“ მომავალ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებისთვის, მაგრამ ახლა „არ არის შესაფერისი დრო“.

რიში სუნაკმა პატივისცემა გამოხატა ჯონსონისადმი და თქვა, რომ „ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიქნებით” კოვიდპანდემიისა და უკრაინის ომის დროს მისი ქმედებებისთვის.

ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში ჩართვაზე ყველაზე პირველმა პენი მორდანტმა განაცხადა, მაგრამ ბოლო წუთებში იგი გამოეთიშა პროცესს, რადგან სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რაც ვერ მოაგროვა. ამისათვის ბოლო ვადა ორშაბათი – 14:00 საათი იყო (ადგილობრივი დროით).

„ლეიბორისტების“ ლიდერმა სერ კირ სტარმერმა კი ისევ გაიმეორა თავისი მოწოდება საყოველთაო არჩევნების შესახებ და დასძინა, რომ „კონსერვატორების“ „ნებისმიერ მომავალ მთავრობას არეულობა ექნება“.

guardian.ge