ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ 12 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრები დაეთანხმნენ პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის წინადადებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე და 438 ხმით მხარი დაუჭირეს 12 დეკემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას, რაც 1923 წლის შემდეგ პირველი არჩევნები იქნება, რომელიც დეკემბერში ჩატარდება, თუკი კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება ლორდთა პალატის მიერაც და კვირის ბოლომდე კანონად იქცევა. თუ ეს ასე მოხდა, არჩევნების დღემდე პარტიებს და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიისთვის მხოლოდ 5 კვირა ექნებათ.

პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საზოგადოებას „უნდა მიეცეს არჩევანი“ ქვეყნისა და „ბრექსიტის“ მომავლის თაობაზე. იგი იმედოვნებს, რომ არჩევნები მას ახალ მანდატს მისცემს „ბრექსიტის“ შეთანხმების განსახორციელებლად და პარლამენტში ამჟამად არსებულ უთანხმოებას ბოლოს მოუღებს, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ 31 იანვრამდე გადადებული პროცესის წარმატებით დასრულების საწინდარი გახდება.

ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ჯერემი კორბინმა, რომლის პარტიამაც მხარი დაუჭირა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, განაცხადა: „ეს არჩევნები ერთ თაობაში ერთადერთი შანსია მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია“. მან აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ახლა „ყველაზე ამბიციურ და რდიკალურ კამპანიას დაიწყებს რეალური ცვლილებებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს“.

guardian.ge