ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტ პოლის თანახმად, „კონსერვატიული პარტია“ უმრავლესობით იმარჯვებს

12 დეკემბერს გამართულ დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში – BBC-ის ITV-ის და Sky News-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის თანახმად, „კონსერვატიული პარტია“ უმრავლესობით იმარჯვებს, იტყობინება BBC. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებით, ყველა ხმის დათვლის შემდეგ „ტორებს“ 368 დეპუტატი ეყოლებათ პარლამენტში – 50 კანონმდებლით მეტი, ვიდრე 2017 წლის არჩევნებში. „ლეიბორისტები“ 191 ადგილს მიიღებენ, „ლიბერალ-დემოკრატები“ 13-ს, „ბრექსიტის პარტია“ ვერც ერთს და „შოტლანდიის ნაციონალური პარტია“ (SNP) 55-ს.

„Ipsos Mori”-ის მიერ 144 საარჩევნო უბანზე 22 790 ადამიანი გამოიკითხა, უთხრა საარჩევნო ექსპერტმა სერ ჯონ კერტისმა BBC-ს.

„ლეიბორისტული პარტია“ 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 12%-ით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს, ხოლო კონსერვატორები 2.5%-ით მაღალს და უფრო მცირე ზომის პარტიებს ექნებათ უკეთესი შედეგი.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, ეგზიტ პოლების გამოცხადებისთანავე ფუნტი სტერლინგი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად, 3%-ით გამყარდა და 1 გირვანქა სტერლინგის ღრებულება 1.35 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაისის შემდეგ უმაღლესი ნიშნულია. ფუნტი ასევე ბოლო 3,5 წელიწადში ყველაზე მეტად გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა განაცხადა, რომ მთავრობა, თუკი ის დაბრუნდება ხელისუფლებაში, ქრისტეშობამდე წარუდგენს პარლამენტს კანონს და შეასრულებს ბრექსიტის ვალდებულებას.

guardian.ge