საქართველო

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლა, რომლებმაც ფეხით გამოიარეს გზა ფერეიდნიდან საქართველომდე

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ისტორიული ქართული დიასპორის გამორჩეულ წარმომადგენლებს – სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლა, რომლებმაც 31 დღის განმავლობაში ფეხით გამოიარეს გზა (1450 კმ) ფერეიდნიდან საქართველომდე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ რაჰიმი (დავითაშვილი) ირანის ისლამური რესპუბლიკის ფერეიდნის რეგიონიდან ისტორიულ სამშობლოში 10 სექტემბერს, წითელი ხიდის გავლით შემოვიდნენ.

„ეს არის 400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებულთა სამი შთამომავალის უნიკალური და გულწრფელი აქცია, ფეხით დაბრუნებულიყვნენ წინაპრების ფუძეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირანში გადასახლებულმა ქართველებმა ტოპონიმებსაც კი შეუნარჩუნეს სახელები. დღესაც, ირანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქართული ტოპონიმები არსებობს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ფერეიდნული კილო-კავით დღესაც ქართულ ენაზე მეტყველებენ. მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს ასეთი ძალისხმევისა და სიყვარულისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ტარიელ ფუტკარაძეს, რომელიც ამ იდეისა და ღონისძიების სულისჩამდგმელია“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, შაჰრამ ონიკაძეს ირანის მოქალაქეობასთან ერთად აქვს საქართველოს მოქალაქეობაც.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ მის თანამემამულეებსაც.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით, საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდა უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას.

სტუმრებს მიესალმნენ პარლამენტის წევრები: ემზარ კვიციანი და ადა მარშანია, ასევე, ღონისძიებაზე მოწვეული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

„თქვენ 1450 კმ გამოიარეთ და სამშობლოში მოხვდით, მე სულ 350 კმ უნდა გავიარო ენგურამდე, მაგრამ არ შემიშვებენ ჩემს სახლში, ჩემს აფხაზეთში მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ეთნიკურად აფხაზი. ქართველები და აფხაზები რომ ერთად არ ვიყოთ, ეს იქნება დანაშაული ჩვენი წინაპრების, მათი სულების, ჩვენი ისტორიის წინაშე“, – მიმართა ფერეიდნელ ქართველებს ადა მარშანიამ.

როგორც ფერეიდნელმა სტუმრებმა აღნიშნეს, საქართველოსკენ მათი მსვლელობის მიზნებია: ისტორიული სამშობლოს უკეთ გაცნობა; კონტაქტების გაღრმავება; ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და მიმოსვლების გახშირება; ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველი ფერეიდნელი ქართველებისთვის ხელის შეწყობა.