მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

„დემოკრატებმა“ ჯორჯიის შტატში გამარჯვებით, აშშ-ის სენატში სრული უმრავლესობა მოიპოვეს

ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატი“ რაფაელ უორნოკი იმარჯვებს. იგი „რესპუბლიკელ“ ჰერშელ უოკერს ამარცხებს, იტყობინება CBS-ი, BBC-ის პარტნიორი აშშ-ში და დასძენს, რომ ეს წინასწარი შედეგებია, რაც ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. ამ შედეგით „დემოკრატები“ კონგრესის ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის გარეშე ქმნიან – 51-49.

ჯორჯიის შტატში მეორე ტური 6 დეკემებერს ჩატარდა, რადგან ნოემბრის შუალედური არჩევნებში ვერც უორნოკმა, სამხრეთელმა ბაპტისტმა მქადაგებელმა და ვერც ჰერშელ უოკერმა, ამერიკული ფეხბურთის ლეგენდამ, ვერ მოიპოვეს ხმების საჭირო 50%.

სენატის კონტროლი ნიშნავს, რომ „დემოკრატებს“ შეეძლებათ განაგრძონ ლიბერალი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა.

აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებს“ სუსტი უმრავლესობა აქვთ. 

წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ ძალიან მცირე უპირატესობის მიუხედავად, მათ შეეძლებათ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენზე დარტყმის მიყენება და მისი საკანონმდებლო დღის წესრიგის შეჩერება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მაგრამ „დემოკრატები“ უკვე მყარად შეინარჩუნებენ კონტროლს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაზე – სენატზე, როდესაც ახალი კონგრესი შეიკრიბება იანვარში.

ჯორჯიის შტატში 6 დეკემბერს გამართულ მეორე ტურში „რესპუბლიკელების“ კანდიდატის გამარჯვების, ანუ ადგილების 50-50-ზე გადანაწილების შემთხვევაშიც კი, სენატში უმრავლესობა მაინც „დემოკრატებს“ ექნებოდათ, რადგან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სენატის თავმჯდომარეცაა და გადამწყვეტი ერთი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.

„დემოკრატმა“ რაფაელ უორნოკმა გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლა ჯორჯიის შტატის მცხოვრებლების, დედისა და ღმერთისადმი მადლობით დაიწყო. „მძიმე კამპანიების“ შემდეგ, მისი თქმით, მისთვის პატივი იყო „დემოკრატიის ოთხი ყველაზე ძლიერი სიტყვის წარმოთქმა – ‘ხალხმა თავისი სათქმელი თქვა’“.

მისივე თქმით, ხმის მიცემა იყო „ერთგვარი ლოცვა იმ სამყაროსთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის გვსურს“. „ჯორჯიელები „ლოცულობდნენ თავიანთი ტუჩებით და ფეხებით, თავიანთი ხელებითა და ფეხებით, თავიანთი თავებითა და გულით“.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დედას, რომელმაც, მისი თქმით, 1950-იან წლებში ჯორჯიაში „სხვისი ბამბის კრეფაში“ გაზარდა, მაგრამ „ამაღამ იგი დაეხმარა თავის უმცროს შვილს შეერთებული შტატების სენატორი გამხდარიყო“.

guardian.ge