ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დედოფალ ელისაბედ მეორეს კორონავირუსით ინფიცირებულ ბორის ჯონსონთან შეხვედრა ორ კვირაზე მეტია რაც არ ჰქონია

დედოფალი ელისაბედ მეორე ორ კვირაზე მეტია რაც პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს არ შეხვედრია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, განაცხადა ბუკინგემის სასახლემ.

ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლის თქმით, 93 წლის მონარქი ბოლოს პრემიერ მინისტრ ჯონსონს 11 მარტს შეხვდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსით ინფიცირება პარასკევს დაუდგინდა. ინფიცირება დაუდგინდა ასევე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, მათ ჰანკოკს. იგი მსუბუქი სიმპტომებით, თვითიზოლაციაში იმყოფება სახლში.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი ფორმის სიმპტომები გამიჩნდა, კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა განვაგრძობ მუშაობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ერთად დავამარცხებთ ამ ვირუსს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი დაუნინგ სტრიტზე რჩება და განაგრძობს მთავრობის ხელმძღვანელის რანგში მუშაობას, თუმცა იგი არ მიიღებს მონაწილეობას პარასკევს ყოველდღიურ მთავრობის ბრიფინგში. მისი საცოლე ქარი საიმონდსი, რომელიც რამდენიმე თვის ორსულია, ასევე თვითიზოლაციაშია, ოღონდ სხვაგან.

უფრო ადრე, დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ თუკი პრემიერ მინისტრს მუშაობის საშულება არ ექნება, პირველი მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებდა. ახლა კი, როგორც ამას BBC წერს, ეს ასე არ ხდება.

ამჟამად გასარკვევია ვის ჰქონდა ჯონსონთან კონტაქტი და კიდევ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტი. ფინანსთა მინისტრი ჯერ არ შემოწმებულა კორონავირუსზე, რადგან მას სიმპტომები არ აღენიშნება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დედოფლის უფროსი ვაჟის, 73 წლის ტახტის მემკვიდრის, პრინცი ჩარლზის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. იგი თავის მეუღლესთან ერთად, რომელსაც ინფიცირება არ დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში ბალმორალში იმყოფება.

GUARDIAN.GE