საქართველო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს მოუსმინეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი დღის წესრიგით განსაზღვრული იყო „საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ“ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის მოხსენების მოსმენა.

თუმცა, სხდომის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და კოლეგებს განუცხადა, რომ რთული სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს კომიტეტმა მოუსმინოს „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს. რომან კაულიას თქმით, „რთული სიტუაციაა და კომიტეტი ვალდებულიც ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში. პირველად მინდა შევხვდეთ კომპანიის წარმომადგენლებს, ხვალ 10 საათზე კომიტეტში. ამ ეტაპზე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ერთ მხარეს მოვუსმინოთ. მერე მყისიერად შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება სხვანაირი ჩართულობისაც, მყისიერად შეგვიძლია მივაყოლოთ ღია შეხვედრა ყველა მხარის მონაწილეობით. პირველ რიგში უნდა მივიღოთ პასუხი, რამდენად სამართლიანია ის მოთხოვნები რაც არის, რამდენად არის გადაწყვეტადი და რა არის სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში“.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა.

ამის შემდეგ დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარდგა კომიტეტის წინაშე. მან ისაუბრა სახელმწიფო სტრატეგიული აქტივების მართვის შესახებ, რომელიც მოიცავს საქართველოს რკინიგზას, გაზისა და ნავთობის კორპორაციას, სახელმწიფო ელექტროსისტემას, თელასს და ესკოს – ელექტროენერგიის ოპერირების ბაზარს. ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებებზე, პარტნიორებთან ურთიერთობის სისტემაზე. ასევე საპარტნიორო ფონდის შესაძლებლობებზე საერთაშორისო პარტნიორებთან ახალი თანამშრომლობის დასაწყებად.

მისი თქმით, საპარტნიორო ფონდი ასევე შეისწავლის რეგიონების შესაძლებლობებს და პოტენციას, სად რომელი დარგის განვითარება იქნება შესაძლებელი. ისაუბრა მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. გამოსვლის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი იყო უცხოელი ინვესტორებისათვის მომზადებული სარეკლამო ვიდეოკლიპი.

დავით საგანელიძეს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების მრავალრიცხოვან და მწვავე შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა.

სხდომის დასასრულს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ გარკვეული საკითხები, რაზეც დღეს აქ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი საუბრობდა აუცილებლად უნდა განიხილონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრთან, რომელთანაც შეხვედრა კომიტეტის ფორმატში მომავალ კვირაში გაიმართება.