საქართველო

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის მიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო.

დანიის სამეფოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად დანიური მხარე საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2018 წლის 21 ნოემბრიდან. აღსანიშნავია რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტი დანიის სამეფოში.