ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დაკავებულია კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის დირექტორი იულია ბოგდანოვა

დაკავებულია ქალაქ კემეროვოს სავაჭრო-გასართობი ცენტრის, „Зимняя вишня“-ს მფლობელი კომპანიის დირექტორი იულია ბოგდანოვა, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

„დღეს დაკავებულ იქნა „კემეროვოს საკონდიტრო კომბინატის“ გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა. სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნოდა სავაჭრო ცენტრის შენობა, სადაც 25 მარტს ხანძარი გაჩნდა, რამაც ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია“, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს „ტელეგრამის“ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოგდანოვას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, არაერთხელ ჰქონდა მიღებული შეტყობინებები ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნაკლოვანებებზე. მიუხედავად ამისა, მას არ მიუღია არავითარი ზომები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ არენდით გაეცა ახალი სავაჭრო ფართები.

კემეროვოს 4-სართულიან სავაჭრო-გასართობ ცენტრში 25 მარტს გაჩენილ ხანძარს ოფიციალური მონაცემებით 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა – 41 – ბავშვები იყვნენ, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული. კუზბასში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.