საქართველო

დავით ზალკალიანი: საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ გაცხადებას ავრცელებს.

დავით ზალკალიანი საერთაშორისო საზოგადოებას ვითარების დეესკალაციისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის”, წერია დავით ზალკალიანის განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და შეიპყრეს უკრაინული საზღვაო სატრანსპორტო საშუალებები ყირიმის ნახევარკუნძულთან, რა დროსაც დაზიანებები მიიღო უკრაინული ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა. ინციდენტის ამგვარ განვითარებაში კი ორივე ქვეყანა ბრალდებებს ერთმანეთს უყენებს.

როგორც BBC იუწყება, კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთმა ბრალი დასდო უკრაინულ გემებს მის ტერიტორიულ წყლებში არაკანონიერად შესვლაში.

რუსებმა ტანკერი ქერჩის სრუტეში ხიდის ქვეშ განათავსეს. აზოვის ზღვაში შესვლა კი, რომელიც საზიაროა ორივე ქვეყნისთვის, მხოლოდ აღნიშნული მარშრუტით არის შესაძლებელი.