საქართველო

დავით ზალკალიანი: დიპლომატიური სამსახური არის მაქსიმალურად მობილიზებული რომ არ წამოეგოს არანაირ პროვოკაციას

საქართველოს დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში კომენტარი გააკეთა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროვოკაციის ძალიან ბევრი მაგალითია, არის დიპლომატების მდომარეობიდან გამოყვანის მცდელობები, რომლებიც ისედაც ძალიან მძიმე პირობებში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მისი თქმით მუდმივად, დღეში რამდენჯერმე დიპლომატებს უწევთ პროვოკაციულ ზარებზე პასუხი, თუმცა დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები მაქსიმალურად თავშეკავებული არიან და არ ეგებიან მსგავს პროვოკაციას.

„გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც პირდაპირ დავალებით, ორკესტრირებულად ხდება მსგავსი რამ და ტყუილებთან გვაქვს საქმე. ყველა ასეთი შემთხვევა არის გამოაშკარავებული და ბუნებრივია, ამ ადამიანების მიმართ არ გვინდა იგივე მეთოდებით დაპირისპირება, რადგანაც ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ბევრი მათგანი შეცდომაშია შეყვანილი. ჩვენ ყველაზე უნდა ვიზრუნოთ, მიუხედავად მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური სიმპატიისა“ – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური სამსახური არის მაქსიმალურად მობილიზებული რომ არ წამოეგოს არანაირ პროვოკაციას და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს გაჭირვებულ ადამიანებს.

„მედიაში უამრავი მადლიერი მოქალაქის გამოხმაურებაა. პირადად მე, ჩემს ფეისბუქ გვერდზე მიკავშირდება ასობით ადამიანი. მარტივი არ არის, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ყველას ვუპასუხო, მაგრამ ჩემი კოლეგების დახმარებით, ვცდილობ რომ არცერთი მომართვა არ დარჩეს უპასუხოდ და უყურადღებოდ. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ ისე, რომ არც კი ვიცით ვინ არიან“- აღნიშნა ზალკალიანმა.

საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. დიპლომატიური სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა ადგილზე დახმარებას, ასევე განაგრძობს აქტიურ მუშაობას მათი სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების კუთხით.