საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი იქნება 1 000 ლარი

„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ახალციხეში გამართული შეხვედრისას მოუწოდა მოქალაქეებს, გვერდით დაუდგნენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ „ეს სახადი“, ხელისუფლების სახით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კვალდაკვალ მოიცილონ. ამასთან, მან გააფრთხილა ხელისუფლება, რომ არ გააყალბოს არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული.

„საპრეზიდენტო არჩევნები, თქვენთან ერთად, ჩვენთვის არის „ქართული ოცნების“, ე.წ. „ქართული ოცნების“, რომელიც არც ქართულია და არც ოცნება არ არის, ხელისუფლებიდან ჩამოცილების დასაწყისი და ჩვენ ამას გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში. გთხოვთ, დაგვიდექით გვერდზე, რომ ეს სახადი მოვიხადოთ ბოლოს და ბოლოს.

ჩვენ დავასრულებთ დაპირისპირებას და შუღლს. ე.წ. ხელისუფლებისაგან არაფერი არ გვესმის გარდა იმისა – 9 წელი, 9 წელი. კი, 9 წელი გვქონდა ჩვენ და შეგვიძლია მივიყვანოთ რაბათიდან დაწყებული, თბილისში, სიღნაღში და ბათუმში და ყველგან აღდგენლი და გარემონტებული უბნები. თქვენ რა გააკეთეთ პრემიების და ხელფასების განაწილების გარდა?! ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი იქნება 1 000 ლარი. მორატორიუმი გამოცხადდება უსამართლო კრედიტებზე, რომელიც ახჩობს საქართველოს და შემდეგ დავეხმარებით ამ კრედიტების გადახდაში, რომ ეს მოხდეს 2012 წლის ლარის კურსით.

საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ და გამყალბებელ ხელისუფლებას ვაიძულებთ დადოს რეალური შედეგი. არ მოვაპარინებთ თქვენ არჩევანს და თქვენ გადაწყვეტილებას“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

guardian.ge