საქართველო

გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადადებას ეხმაურება

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადადებას ეხმაურება.

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება” გაყალბების გზით არჩევნებში გამარჯვებას შეეცდება და ამის შემდეგ ისევ დაუბრუნდება კრიმინალურ გეგმებს – მარიხუნას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს.

„დღეს, საზოგადოება ე.წ. ხელისუფლებამ კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. გუშინ, პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, რომ დანაშაულებრივი კანონპროექტი მარიხუანას კულტივაციისა და წარმოების შესახებ, მხოლოდ ორი თვით არის გადავადებული. ამ ე.წ. ხელისუფლების გაზრახვა სრულიად ნათელი არის. გაყალბების გზით, აქვთ იმედი, რომ მოიგებენ საპრეზიდენტო არჩვენებს, რის შემდეგაც, დაუბრუნდებიან თავიანთ კრიმინალურ გეგმებს – ტყუილად გაქვთ ამის იმედი.

გარანტიას გაძლევთ, რომ 28 ოქტომბერს როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს საპრეზიდენტო არჩვენები არის რეფერენდუმი ორ საქართველოს შორის, ერთი უძრაობაში, კორუფციასა და კრიმინალში ჩაფლულ საქართველოს, მეორე იმ საქართველოს, სადაც ეროვნული კვალიციური პროდასავლური ხელისუფლების მიზანი და მისი არსებობის მიზეზი იქნება მოქალაქის კეთილდღეობა იქნება – ჩვენ, 28 ოქტომბერს გადავაქცევთ ამ არჩევნებს რეფერენდუმად, რომელიც იქნება იმაზე, გადაიქცევა თუ არა უძველესი კულტურის ქვეყანა რომელსაც აქვს უზარმაზარი დემოგრაფიული პრობლემა, ნარკოპლანტაციად იმისთვის, რომ ე.წ. ქართული ოცნების მამამთავრების ჯიბე გაასქელონ ჩვენი მომავალი თაობების ამოწყვეტის ხარჯზე. არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ მაგის უფლებას. მოვიგებთ საპრეზიდენტო არჩვენებს და ყველა კანონიერი ინსტრუმენტის გამოყენებით, ვეტოდან დაწყებული, მშვიდობიანი დემონსტრაციებით დამთავრებული, არ მოგცემთ ამის გაკეთების საშუალებას. დღეს, დილით მივიღეთ ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა ჯგუფი, მარიხუანას პროგრამის განხორციელების თაობაზე, ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ. გაფრთხილებთ – არც ინფრასტრუქტურა გიშველით, არც სამუშაო ჯგუფების შექმნა და არც კანონპროექტის გადავადება იმიტომ, რომ თქვენ უკვე ახდენთ დაბოლილების შთაბეჭდილებას და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კატეგორიულად არ დავუშვებთ, რომ ეს მოვიდეს მთელ საზოგადოებაზე”, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

„კანაფის კონტროლის შესახებ” კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. გადაწყვეტილება ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.

guardian.ge