საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ე.წ. ქართულ ოცნებას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა აღარ აქვს და აღარასოდეს აღარ ექნება

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება არასამათავრობო სექტორის ნაწილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, „ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მიმდინარეობს“.

როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული დასტურია იმისა, რომ მმართველმა პარტიამ იცის, არჩევნები წაგებული აქვს.

„ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება” მეორე ტურის წინ ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობდეს, ის არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებისთვის ემზადება.

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა გარემოცვამ არ იკმარა პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ დაშინება, დაშანტაჟება, ძალადობა, მოსყიდვა, სოციალური დახმარების მოხსნა, ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლება და ახლა მიმართეს უპრეცედენტო დანაშაულს, პირადობის მოწმობების მასშტაბურ გაყალბებას, როდესაც ერთ ადამიანზე 5-5 ყალბი პირადობის მოწმობა იბეჭდება.

ეს არის დასტური იმისა, რომ მათ მშვენივრად იციან – ე.წ. ქართულ ოცნებას საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა აღარ აქვს და აღარასოდეს აღარ ექნება. საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. ხელისუფლებას აქვს წაგებული….

პირადობების მოწმობების გაყალბება, ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული, რაც ფაქტობრივად, არჩევნების დელეგიტიმაციას ნიშნავს”, განაცხადა ვაშაძემ.