საქართველო

გრიგოლ ვაშაძე აჭარაში ამომრჩეველს შეხვდა – „ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს არის ფეოდალიზმი, ფეოდალი ასლან აბაშიძე კი დაამარცხა აჭარამ“

გრიგოლ ვაშაძემ აჭარაში შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა – „არცერთი ჩვენთაგანი თქვენს მხარდაჭერას არ აღიქვამს, როგორც დამსახურებულს, ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც უზარმაზარ ავანსს“.

მისი თქმით, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დაივიწყოს სიძულვილის ენა და გააერთიანოს საზოგადოება, რომ მათ თავში აღარ მოუვიდეთ ქვეყნის დატოვება.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ბიუჯეტში არის ფული, მაგრამ ეს ფული არ არის საქართველოს მოქალაქისთვის, ისე როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს, ბიუჯეტის ფული მიმართულია მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის.

ვაშაძე ამბობს, რომ აუცილებელია მოხდეს ნავთობპროდუქტებითა და მედიკამენტებით ვაჭრობის დემონოპოლიზება.

მისი თქმით, რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს ყველა საჯარო სამსახურებში, რაც რეალურად შეამცირებს სსიპებსა და ა(ა)იპებს, რომელთა ერთადერთი ფუნქცია, ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის აქტივის დასაქმებაა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ექვსი წლის მანძილზე ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყნის საკრედიტო ლიმიტი ამაღლებულიყო და ქვეყანაში ინვესტორები შემოსულიყო.

„აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც ვიხილეთ კიდევ ერთხელ გუშინ,როდესაც ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა კრიმინალებმა შექმნეს მოძალადე „ხელისუფლება“ იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ არის, რომლებიც თავს ესხმიან შვილმოკლულ მამებს და ეუბნებიან რომ შენ კონსტიტუციური უფლება უნდა შეგიზღუდო და ამ დროს ოლიგარქის შვილის ქორწილში,  მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს ხალხი და მთელი ქალაქი გადაიყვანეს საგანგებო რეჟიმში.

არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია არ ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე და არ გვაინტერესებს ვის რამდენი აქვს შვეიცარულ ბანკში, კონსტიტუციისა და სამშობლოს წინაშე ყველა თანასწორია. სვეტიცხოველი და მცხეთა ეკუთვნის სუყველას, ევაკუაცია გაუკეთეთ, თუ გნებავთ თქვენს სახლს.

აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას საგარანტიო ფონდი და ეს ნაბიჯი არამარტო მსოფლიო ბანკებიდან ამ ფონდში შემოიტანს საკმარის სახსრებს, რაც მთავარია გაანახევრებს იპოთეკის ხარჯებს. ეს ნორმალურია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, მეექვსე წელია, ნოლი პროცენტით იძლევა სესხებს და ჩვენს ხელისუფლებას ხელი არ გაუნძრევია, რომ ბანკებისთვის მოეტანა დამატებითი სახსრები, ჩვენ იპოთეკას გავანახევრებთ.

თუ ფული გაქვთ ბიზნესს ვეუბნები თქვე კაი ადამიანებო, საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარეთ, თორემ მართლა ქართველი არ დარჩება ქვეყანაში.

სახელმწიფო ვალი უკვე 44%-ზე ავიდა. 44% ინვესტორისთვის უკვე განგაშის ზარის ჩამოკვრაა და თუ ღმერთმა დაიფაროს ლარის კურსმა ისევ გააგრძელა ვარდნა ჩვენი დოლარებში აღებული სახელმწიფო ვალი კიდევ უფრო გაზრდის პროცენტს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართერბაში, ამას ხო მოხერხება უნდოდა, ვალის გაორმაგებას, რომ გაორმაგდა ეს ვალი სად წავიდა? ჰგავს ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყანას, სადაც 72 მილიარდი დაიხარჯა?“, ამბობს ვაშაძე.

guardian.ge