საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ 18 დეკემბრიდან გაერთიანებული ოპოზიცია უწყვეტ აქციებს იწყებს 

„ხვალიდან ვიწყებთ აქციებს და აქციები არ შეწყდება არც ერთი დღე“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მთხოვნას და მოითხოვს უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და სისტემა, დაისაჯონ არჩევნების გამყალბებლები. ვაშაძემ მოუწოდა ხელისუფლებას „ყველა იმ კრიმინალის დასჯა, ვინც მშვდობიან მომიტინგეებს დაესხა თავს“.

„გაერთიანებული ოპოზიცია, ჯერ ერთი, ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც ჩვენ გვქონდა წამოყენებული და კატეგორიულად მოვითხოვთ:

უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები;

 თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია;

 არჩევნების ჩატარდეს პროპორციული სიით;

ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში;

მოვითხოვთ ყველა იმის დასჯას, ვინც კომისიაში ბღუჯა-ბღუჯა ყარა – გახსოვთ ხომ, ბღუჯა მინისტრი რომ ჰყავდათ, იმის გამოთქმა რომ გავიხსენოთ – ბღუჯა-ბღუჯა ყარა ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში;

კატეგორიულად მოვითხოვთ იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ნომერ მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი;

 კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დასჯას, ვინც გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს თავს დაესხნენ;

 კატეგორიულად მოვითხოვთ იმ ვითომდა პოლიციელების დასჯას, რომელთაც ეს სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჰქონდათ ჩაბარებული.

„ჩვენ ხვალიდან უკვე ვიწყებთ აქციებს. აქციები არ შეწყდება არც ერთი დღე. ახლა არ მკითხოთ, ეს რა აქციები იქნება. ალბათ, ჩვენს მხარდამჭერებს შევატყობინებთ დღეს საღამოს. ხვალ ყველაფერი გეცოდინებათ და ის კრიმინალური მეთოდები, რითიც ამ ხელისუფლებამ მართა ეს ქვეყანა, დასრულდა გუშინ. ხვალ ჩვენ ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს, რომელიც, ხაზს ვუსვამ, იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში და ყოველი მცდელობა ხელისუფლების, შეგვიზღუდოს ეს უფლებები, მიიღებს საზოგადოების მკაცრ პროტესტს“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

guardian.ge