საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ იგი სააკაშვილს დაუბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას, შეიწყალებს მას და ყველა პოლიტპატიმარს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესათან ინტერვიუ ჩაწერა „დოიჩე ველემ“, სადაც ვაშაძე ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი ყოფილ პრეზიდენტს, მის მეგობარს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებს, შეიწყალებს არა მარტო მას, არამედ „ყველა სხვა პოლიტპატიმარს“ და ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ და შვილებიან ქალებს.

„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი: თქვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით სარგებლობთ. მეორე ტურში მისი მხარდაჭერა უპირატესობა იქნება თუ ზიანის მომტანი?

გრიგოლ ვაშაძე: საქართველოში ყველამ იცის, რომ მე აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ. მე დამოუკიდებელი ვიყავი, 2008-2012 წლებშიც, ხელისუფლებაში ყოფნისას. რაც შეხება მიხეილ სააკაშვილს, ის ჩემი მეგობარია და როგორც საქართველოს ნებისმიერი გონიერი მოქალაქე, მე მადლიერი ვარ მისი იმისათვის, რომ მან ამ ტერიტორიის თანამედროვე სახელმწიფოდ ტრანსფორმირება მოახდინა. მას უნდა ჰქონდეს საქართველოში ცხოვრების უფლება. მას უნდა აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა (სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ შეუწყდა, რაც მან 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო – „დოიჩე ველეს“ რედაქცია). თუკი სამართალდამცავ ორგანოებს ანდა სასამართლო სისტემას მის მიმართ შეკითხვები ექნება, მან პასუხები უნდა გასცეს ამ შეკითხვებს.

ჟურნალისტი: თუკი თქვენ გახდებით პრეზიდენტი, დაუბრუნებთ მას საქართველოს მოქალაქეობას?

გრიგოლ ვაშაძე: დავუბრუნებ.

ჟურნალისტი: შეიწყალებთ მას?

გრიგოლ ვაშაძე: დიახ. მაგრამ მე არ ვაპირებ მხოლოდ მის შეწყალებას, მე შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს. მე შევიწყალებ ყველა ქალ პატიმარს, რომელთაც არ ჩაუდენიათ რაიმე ექსტრაორდინალური და მათ, ვისაც ბავშვები ჰყავთ. მე ვაპირებ ამის ძალიან სწრაფად გაკეთებას, პირველ ორ-სამ თვეში. როგორც იურისტს, მე მსურს, რომ სამართლიანობამ იზეიმოს. და ასეც იქნება. მესამე პრეზიდენტი მიიღებს აქ ცხოვრების უფლებას. იგი ამ უფლებას გამოიყენებს თუ არა, ეს მასზე იქნება დამოკიდებული. მისი პოლიტიკური მომავალი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. მაგრამ იცხოვროს აქ, თავის მცირე ზომის სახლში, ყვარელში – ეს ისაა, რისი უფლებაც ჩვენ მას უნდა მივცეთ და ჩვენ მოვალე ვართ, ეს გავაკეთოთ.

guardian.ge