საქართველო

გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ სააკაშვილი და ვაშაძე, რომლებიც რუსული იმპერიალიზმის ამფსონები არიან, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე  და მათი გუნდის სხვა წევრები, რომლებიც რუსული იმპერიალიზმის ამფსონები არიან, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა, დესტაბილიზაციით კი ამ ქვეყნებში მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული.

გოგა ხაინდრავამ მედიაცენტრ „მთავარში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა იმაზე გაცილებით ცოტა თქვა, ვიდრე წერია ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და ვიდრე ეს წერია ტალიავინის დასკვნაში და მან ამის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა წარმოადგინა.

ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  ძველი მეთოდით, კაგებეს მეთოდით მოქმედებს, „როცა სხვას უნდა დააბრალო ის, რასაც შენ თვითონ ჩადიხარ. ამ მეთოდს იყენებს აქ გრიგოლ ვაშაძე  და სააკაშვილი იქ, სადაც არის“.

„ეს არ არის კამპანია, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს ძალიან ჰგავს იმ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1933 წელს გერმანიაში, როდესაც ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, როდესაც დაიწყო დევნა, ცილისწამება და წამება იმ ადამიანების, ვინც არ ეთანხმებოდა მათ მოსაზრებებს. ის აღვირახსნილი ქმედება ამ დანაშაულებრივი ჯგუფისგან რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და მე დაგიდასტურებთ ყველაფერს რასაც ვლაპარაკობ – სრულიად შეუთავსებელი დღევანდელ საქართველოსთან, ჩვენს ზნეობასთან, ჩვენს სახელმწიფოსთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ის „ფეიქ-მედია“, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სამწუხაროდ მედიასივრცეში, – ავრცელებს ამ სიცრუეს, ცილისწამებას და ხელს უწყობს ამ ბოროტი განზრახვის განხორციელებას საქართველოში. ამას ვერანაირად ვერ დავარქმევთ წინასაარჩევნო კამპანიას, კამპანია ნამდვილად არის, მაგრამ ეს არის ფაშისტური კამპანია, რომელსაც სათავეში უდგანან რუსული ძალები და დავადასტურებ რატომ:

პირველი, მე ხელთ მაქვს ახლა 2008 წლის 2 აგვისტოს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლის მე-5 მუხლში წერია (ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებმა ისე გადაეცით ზუსტად, როგორც ვამბობ და არა ისე როგორც „ფეიქ-ნიუსს“ უკვეთავენ თავიანთი დამქაშები) ეს არის რეზოლუცია 16-33, საპარლამენტო ასამბლეის, რომელსაც ხელს აწერს ბოკერია, პეტრე ცისკარიშვილი, ელენე თევდორაძე, ლევან ბერძენიშვილი. მე-5 მუხლში ასევე წერია – 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია.

ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელსაც ბოკერია აწერს ხელს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს და ა.შ და ა.შ. მე-4 მუხლიც არის, მე-6 მუხლიც არის, სადაც ეს ყველაფერი აღწერილია ზუსტად. და ეს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი, რომელშიც მონაწილეობდა ყველა ქვეყანა დევს ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ნიუ-იორკშიც, ჟენევაშიც და თბილისშიც“, განაცხადა ხაინდრავამ, რომელმაც მოუწოდა მედიას, არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.

„ამიტომ ის დიდი სიცრუე, რომლის მონაწილე ყველანი ხართ სამწუხაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თითქოს რამე ისეთი თქვა, რომელიც ავნებს საქართველოს და ის ჟურნალისტები, ვითომ ჟურნალისტები, რომლებიც მეკითხებიან ეთერში, რომ არაღიარების პოლიტიკას ხელს შეუშლის თურმე რომ სალომე ზურაბვიშვილმა რაღაც ქართულ ენაზე თქვა, მან თქვა ის რაც აქ წერია, თქვა, რომ მთელმა მსოფლიომ იცის ეს და სირაქლემას პოზაში რომ ვართ აყოლილი ამ ბანდიტებს და რატომ არიან ეგენი რუსული პოლიტიკის გამტარებლები საქართველოში, ამას გეტყვით. ეს არის ტალიავინის დასკვნაში.

მე სახელმწიფო მინისტრი ვიყავი 2 წელი და 8 თვე. რომ გავიცინებდი ცუდად, იმასაც კი ევროდამკვირვებლები, რომლებიც სააკაშვილის ნამოქმედარის გამო გამოყარეს იქედან, მაშინ მთელი ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სადამკვირვებლო მისია და უფლება ქონდათ ყველაფერი დაეწერათ და გადაეცათ თავის შტაბბინისთვის და ეს შტაბბინაა ზუსტად რომელიც შემდეგ ჰააგაშიც, სტრასბურგშიც, ვენაში და ყველგან დებს საბუთებს სადაც წერია, რა მოხდა სინამდვილეში. სალომემ და მე და ჟიჟილაშვილმა რა ვილაპარაკეთ ეთერში ეს კი არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ოფიციალური დოკუმენტაცია.

საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ოფიციალური, დადასტურებული ნაციონალური მოძრაობის მიერ, ბოკერიას მიერ , რომ ეს ესე იყო, ეგ თქვა სალომემ და იმაზე ბევრად უფრო ნაკლები თქვა, ვიდრე აქ წერია, ვიდრე წერია ტალიავინის დასკვნაში, ვიდრე წერია იმ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებში, რომელიც ყოველ საათში იგზავნებოდა იქ , ვინ ისროლა, რამდენი ტყვია გავარდა, საიდან გავარდა და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ სიცრუეში ნუ მონაწილეობთ, სირცხვილია, შვილები გყავთ, პასუხისმგებლობა გაქვთ ამ ქვეყნის წინაშე, ნუ შეგყავთ მედიას შეცდომაში ქართული საზოგადოება. იმ ტელევიზიების სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, სალომე მოღალატეას რომ წერთ, არ გცხვენიათ?

ახლა გეტყვით ვინ არის მოღალატე და როგორ არის მოღალატე. ყველას გეკითხებით – მედიასაც, მსმენელსაც და მკითხველსაც. დამისახელეთ რომელიმე თქვენგანმა ერთი ქვეყანა მაინც, რუსეთის გარდა, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აინტერესებს. და მერე გეკითხებით, დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელსაც დესტაბილიზაცია აინტერესებს უკრაინაში, რუსეთის გარდა? არის ეგეთი ქვეყანა მეორე? – არ არის!

მიხეილ სააკაშვილი საქართველოშიც და უკრაინაშიც დესტაბილიზაციის წყაროა. მაგისთვის არის გამოყენებული და სხვა არაფრისთვის. მას სხვა არანაირი ფუნქცია არ გააჩნია გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ყველანაირი მცდელობა ჰქონდა და ამას ვუყურებდით ჩვენ პირდაპირ უკრაინაში და ახლა ცდილობს, რომ ეს გააკეთოს საქართველოში. ვისი ხელით ცდილობს ამას? – გრიგოლ ვაშაძის ხელით.

ერთიც და მეორეც კგბ-ს სამჭედლოში გაზრდილები არიან. ჩემი თაობის ხალხია, სააკაშვილი ცოტა პატარაა. საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემია და დიპლომატიური აკადემია იყო უშიშროების სამჭედლო, იქ არავინ სხვა გარდა იმ დაწესებულების თანამშრომლებისა, არ სწავლობდნენ და იქიდან არ გამოდიოდნენ. რუსული დიპლომატია არის უშიშროების დიპლომატია, იქ არც ერთი თანამშრომელი რუსეთის დიპლომატიური მისიების მსოფლიოში არა თანამშრომელი კგბ-სი არ არის. ეს შეუძლებელია, რადგან იქ სკოლა აქვთ გავლილი. გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც რუსეთის პასპორტი ვერ გავაგდებინეთ და რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და რუსეთის მოქალაქე, დღეს სააკაშვილთან ერთად ქალბატონს, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, საფრანგეთში გაიზარდა, მთელი ცხოვრება იყო ტანჯული საბჭოთა წყობილების გამო, იმის გამო, რომ მისი ოჯახი აქედან გაძევებული იყო, იმის გამო, რომ ამ ქვეყანას წაართვეს თვითმყოფადობა, ამ ქვეყანას წაართვეს დამოუკიდებლობა, ამ ქვეყანას ახადეს ნამუსი და სისხლში ჩაახრჩვეს ეს ქვეყანა და სალომეს ნათესავები, – აი ეს ვიგინდარები, ეს რუსული იმპერიალიზმის ამფსონები, დღეს სალომე ზურაბიშვილს მედიის დახმარებით, მოღალატეს ეძახიან“, აღნიშნა გოგა ხაინდრავამ და დასძინა, რომ ეს ყველაფერი აგებულია კრემლიდან საქართველოში მოვლენილი ევგენი სკლაროვის პიარ-მეთოდებზე – სკლაროვის, რომელიც ხაინდრავას ინფორმაციით, „დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში“

„ახლა გეტყვით საიდან წამოვიდა ეს. სკლაროვი, ევგენი სკლაროვი, რომელიც არის პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას ატარებს საქართველოში, მისი იდეაა, პირდაპირ კრემლიდან გამოგზავნილია. მათ ძალიან კარგად იციან, ეს ძველი მეთოდია, როგორც კაგებესი, ისე გერმანიის უშიშორების, თავის დროზე ჰიტლერის დროინდელი, როდესაც მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის, რასაც შენ თვითონ ჩადიხარ, რასაც შენ წარმოადგენ და რაც წარმოუდგენელია საერთოდ. ამიტომ ამ სკლაროვმა თავისი დავალებით, რომელიც მან მიიღო და ახორციელებს აქ გრიგოლ ვაშაძე და სააკაშვილი იქ, სადაც არის ჩამოიტანა ეს იდეა და ახორციელებენ თქვენი მეშვეობით, თქვენი დახმარებით, თქვენი მონაწილეობით, იმიტომ რომ ეს იქ დაბადებული იდეაა, არაერთხელ განუხორციელებიათ და მაგ გზით მიდიან ახლაც. სალომეს აბრალებენ, ამას სალომეს აბრალებენ, რაც ახლა წაგიკითხეთ და ეს არის სირცხვილი. ცოტა გამოფხიზლდით და აზრზე მოდით ვინ ებრძვის ამ ქვეყანას, როგორ ებრძვის და საიდან მოდის საფრთხე სალომესგან თუ ვაშაძე-სააკაშვილისგან. ეს ხომ თქვენ გეხებათ, თქვენი შვილების მომავალს ეხება. ეს მამაძაღლები, ეს მატყუარები, ეს ფლიდები და ფარისევლები რომ გამოდიან და იძახიან რომ შევცვლით, ჩამოინგრევა ხელისუფლება და ხვალიდან აღარ იქნება „ოცნება“. რა იზამენ 28-ში, რა უნდა ქნან, ვთქვათ აირჩიეს „კიკა“ საქართველოს პრეზიდენტად, როგორც მაგათ უნდათ და რა იქნება? რა უფლებები აქვს იმ საქართველოს პრეზიდენტს? რა უნდა გააკეთოს? მთავრობას ამტკიცებს თუ საპარლამენტო უმრავლესობაზე მეტი ძალა აქვს? ეს ხომ სიცრუეა, ფარისევლობა“, აცხადებს გოგა ხაინდარავა.