საქართველო

გიორგი ხოჯევანიშვილმა და კიდევ ხუთმა დეპუტატმა „ქართული ოცნება“ დატოვა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გორისა და კასპის საარჩევნო ოლქიდან, გიორგი ხოჯევანიშვილმა და კიდევ ხუთმა დეპუტატმა (სულ 6 დეპუტატი) მმართველი პარტიის რიგები დატოვეს. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა და დაამატა, რომ ისინი გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის მშენებლობას იწყებენ, მანამდე კი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან.

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის გარდა მმართველი პარტია დატოვეს დეპუტატებმა – ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა. მათ პარლამენტში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. 

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

ჩვენ ვიყავით „ქართული ოცნების“ წევრები და ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე. მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, სიდუხჭირე. ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს და მოსახლეობას აინტერესებს და არა დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად სამომავლოდ მოგახსენებთ. ჩვენი თანამოაზრე არის ასევე მიხეილ დაუშვილი. ის ამჟამად არის კოვიდინფიცირებული, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, მალე შემოუერთდება ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ რიგებიდან წასულმა ანა ბუჩუკურმა კი ბრიფინგზე თქვა, რომ მათი გადაწყვეტილება არ არის მოულოდნელი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის.

„გიორგი გახარიასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ვიწყებთ აქტიურ ფაზას პარტიის მშენებლობის, შესაბამისად, ვტოვებთ ფრაქციას და პარტია „ქართულ ოცნებას“. ეს გადაწყვეტილება არ არის მოულოდნელი „ქართული ოცნებისთვის“. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

გიორგი გახარიას თანამოაზრემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა სამეგრელოს რეგიონიდან, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს სჭირდება არსებული დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემა არის ოკუპაცია.

„როგორც იცით, მივიღეთ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება. მე, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თნამოაზრე, დღეიდან ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი. აგრეთვე, აქტიურად ვიქნები ჩართული პარტიის მშენებლობის პროცესში. დღეს საქართველოს სჭირდება ამ დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემა არის ოკუპაცია. პანდემიიდან, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ჩვენი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის ამ ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვა. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობაში ახალ ეტაპზე გადასვლა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რეგიონების გაძლიერება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და უნდა გადავდგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.