საქართველო

გიორგი ქობულია: ჩვენ გვაქვს გეგმა, მოვამზადოთ ათობით ათასი სპეციალისტი სხვადასხვა დარგებში

„აშშ-ის მთავრობა და USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მზადაა, დაგვეხმაროს მასობრივი გადამზადების პროგრამების განხორციელებაში“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ უიბლერთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში შეხვედრის გამართვის მნიშვნელობაზე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დონეზე. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) დაწყების შესაძლებლობა წარმოადგენს პრიორიტეტს ორმხრივი სავაჭრო-ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა დახმარების პროგრამებზე, რომელთაც USAID-ი ახორციელებს საქართველოში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტექნიკური განათლების სფეროში მასობრივი გადამზადების პროგრამებზე.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მოვამზადოთ არა ასობით და ათასობით, არამედი ათობით ათასი სპეციალისტი სხვადასხვა დარგებში. ეს იქნება მასშტაბური პროგრამა, რომელშიც ამერიკის მთავრობა და USAID-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა, გენადი არველაძე და ეკატერინე მიქაბაძე.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.