საქართველო

გიორგი მარგველაშვილმა არ დააკონკრეტა მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მოგვიანებით გამოაცხადებს.

„პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ, გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ყველაფერი გავაკეთეთ ამ ხუთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლები და მათი მოლოდინები ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებთან მიმართებაში. ამომრჩეველმა დღეს იცის, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, მოსამართლეების დანიშვნის უფლება, საერთაშორისო აქტიურობების უფლება, მოქალაქეობის საკითხშიც, ფაქტობრივად, იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება. აქედან გამომდინარე, მოქალაქეები დაბნეულები არიან. არა მარტო მოქალაქეები, მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში მიდიოდა რყევა არა მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ უშიშროების საბჭოსიც და სხვების. შესაბამისად, ეს ჩამოუყალიბებლობა ჩემთვის გასაოცარი არ არის. მე ჩემს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინ მოგახსენებთ, როდესაც მე ვიქნები ჩამოყალიბებული. ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. ამ გადაწყვეტილებას მაშინ მოგახსენებთ, როდესაც მივიჩნევ საჭიროდ“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.