საქართველო

გიორგი მარგველაშვილი – წინასაარჩევნო კამპანიისას ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებული დისკუსიით არ უნდა დავაზიანოთ ქართველი სამხედროების მორალი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს და სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორს ფრენსის ფუკუიამას სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორ ფუკუიამას მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისა და მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობისათვის და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა: “ჩვენ ახლა საინტერესო ფაზაში ვიმყოფებით. ჩვენს წინაშეა ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი არჩევნები, რომელიც ვიმედოვნებ, რომ ჩემი ქვეყნისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატის გაძლიერებისა და დემოკრატიული პროცესის გაღრმავების გზაზე, რაც არსებითი მნიშვნელობისაა საქართველოსათვის. თუ ჩვენ დავკარგავთ ამ იმპულსს, დემოკრატიის იმ ხიბლს, რომელიც აერთიანებს ამ საზოგადოებას და ამ სახელმწიფოს ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს წარუდგენს, თუ დავკარგავთ იმ იმპულსს, რომ წარმოვადგენთ ერს და საზოგადოებას, რომელიც ასე დაჟინებით ცდილობდა დემოკრატიის აშენებას, ვფიქრობ, მაშინ ჩვენ დავკარგავთ მთელს პოტენციალს, რომელიც ჩანერგილია ამ ხალხში.

რამდენიმე საკითხი მინდა თქვენც გაგიზიაროთ. საარჩევნო კამპანია რეალურად გახურდა. დღეს რამდენიმე ჩვენი მოკავშირე მეკითხებოდა – რატომ იყო ეს კამპანია ასეთი ცხელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს ძალიან შეზღუდული უფლებებით. მე ვუპასუხე, რომ ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ეს ღირებულებებთან დაკავშირებული კამპანიაა და ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისათვის, ქვეყნისათვის, რომელსაც აქვს ერთერთ ყველაზე რთული გეოგრაფიული მდებარეობა და რთული სამეზობლო გარემოცვა. როგორც აღვნიშნე, დემოკრატია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ღირებულებას, რომელიც ამ ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომელმაც გადარჩენისა და თვითგამორკვევისათვის, უნდა გააძლიეროს დემოკრატიული პროცესი და საზოგადოება. ადამიანის უფლებები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება, რადგან ვერ ააგებ პლურალისტურ და დემოკრატიულ საზოგადოებას, თუ რეალურად არ იცავ მოქალაქეთა უფლებებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული სუვერენიტეტი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ამ ერის თავდადება აღიარებულ და მისთვის მინიჭებულ საზღვრებში შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას ერი საჭიროების შემთხვევაში. ეს არ არის თეორიული დისკუსია, ეს პრაქტიკული და სასიცოცხლო მნიშვნელობის განხილვაა, რომელიც, სამწუხაროდ, ლაიტმოტივია ჩვენი ერისათვის ახლაც და იყო მრავალი საუკუნის მანძილზე. ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს ამ ერის შენარჩუნება. ასე რომ, ეს საუბრები არის საუბრები ღირებულებებზე.

წინასაარჩევნო კამპანიაც უმნიშვნელოვანესია და ხალხი ემოციურად ჩართულია ამ პროცესში და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი პროცედურისა და სამართლიანობის დაცვის პირობებში წარიმართება. მჯერა, რომ ეს არის ყველა იმ ადამიანის მიზანი, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. მაგრამ, ამ განხილვების მიღმა, ერთერთი საკითხი, რომელიც მე მაღელვებს, შეეხება იმ ზიანს, რომელიც ამ პროცესმა შეიძლება მოუტანოს ერს. ეს გარკვეულწილად თანამდევი ზიანია, რომელიც შეიძლება ამ მივაყენოთ ჩვენს ერსა და სახელმწიფოს არა იმიტომ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგნებულად გვსურს, არამედ ძალიან ცხელი საარჩევნო კამპანიის შედეგად.
პირველ რიგში, ეს არის შეგრძნება, რომ ჩვენ, როგორც ერი ვერთიანდებით რაღაც ირგვლივ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის კანდიდატი, არის რაღაც, რაც აერთიანებს ქართველებს, როგორც ერს და ეს რაღაც, მჯერა, უნდა იყოს ერთგულება და თავდადება ჩვენი მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს არ უნდა დაზიანდეს. ამ დისკუსიებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასა და თავდაცის უფლებასთან დაკავშირებით, არ უნდა დავაზიანოთ ჩვენი სამხედრო მამაკაცებისა და ქალების მორალი, რომლებიც მხარდამხარ დგანან მათზე ასჯერ მრავალრიცხოვანი ოპონენტის წინააღმდეგ. როდესაც ისინი იცავენ საკუთარ საზოგადოებას, მათი შეგრძნება, რომ სწორად იქცევიან არასდროს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ეს არ უნდა გავანადგუროთ. ამ ცხარე დისკუსიებში ეს ხალხი უნდა მიენდოს პოლიტიკურ მმართველობას და როდესაც გაიცემა სახელმწიფოს დაცვის და საკუთარი, თუ მოწინააღმდეგის სიცოცხლის დაცვის ბრძანება, ამ მიზნისთვის თავდადება სწორი საქციელია. ვფიქრობდი ამ ორ ტენდენციაზე და ემოციაზე, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ამჟამად საქართველში. ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს ძლიერი პიროვნებები, რომლებიც ახორციელებენ სამართლიან კამპანიას, ვგულისხმობ მათ მიზნებსა და პოლიტიკას, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს შეგრძნება, რომელიც ზოგჯერ ამ პროცესს აკლია. ვიტყოდი, რომ ეს არის ერთობის და ერთიანობის შეგრძნება. ეს არის ის, რაც ხშირ შემთხვევაში მაკლდა ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში. ცხარე დებატებში, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ერთიან საზოგადოებაში ვკამათობთ.

პოლიტიკური განცხადებების გაკეთების პარალელურად, უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზრუნოთ იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ყველა მივეკუთვნებით. ეს საზოგადოება და ერთობის შეგრძნება არის ჩვენი ქვეყანა, საქართველო. მოწინააღმდეგესთან პაექრობისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ დავაზიანოთ ერთიანი გარემო. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შემთხვევა და ჩვენ ვხედავთ მსგავს პრობლემებს სხვა ადგილებშიც, სხვა ქვეყნებშიც. ხშირ შემთხვევაში ერთიანობის შეგრძნება ჩამოშლილია. როდესაც ვხედავთ კითხვის ნიშნებს მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, ევროკავშირის მიმართ, რომელმაც მოიტანა არაერთი კეთილდღეობა, დაცულობა და პერსპექტივა და ამ პროექტს ძირს უთხრიან, ეს იმის ბრალია, რომ ერთობის შეგრძნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ვხედავ მსგავს ტენდენციებს ნატო- შიც, იმ პროექტის მიმართ, რომელიც ასეთი წარმატებული იყო და რომელმაც ცივი ომი წარმატებით დაასრულა. ამ დროს ვფიქრობთ, როგორ მოახერხა გამარჯვებულმა მხარემ, მხარემ, რომელსაც გააჩნდა ყველა უპირატესობა ცივი ომის დასრულებისას, რომელიც გახდა უფრო დაცული და წარმატებული ცივი ომის შემდეგ, რომელმაც დადებითი განვითარება მოუტანა ქვეყნებსა და ხალხს, როგორ შეუძლიათ მათი წარმატების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ჩემს შემთხვევაში, ეს ძალიან ჩახლართული საკითხია, რადგან ამავდროულად რუსეთის პოლიტიკურ მმართველობა უფრო ძლიერად გამოიყურება. მხარე, რომელმაც ცივი ომი წააგო საკუთარ თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობს, ვიდრე ის კავშირი, რომელმაც ომი მოიგო. ვგრძნობ, რომ ერთიანი სამყაროს ემოციამ და შეგრძნებამ, რომელსაც ყველა მივეკუთვნებით, რადგან გლობალურ გარემოში ჩვენ ერთმანეთთან უფრო ახლოს ვართ, ერთიანობისთვის კიდევ უფრო თავდადებულნი უნდა გაგვხადოს. გასაკვირია, რომ ერთიანობის შეგრძნებას ვკარგავთ, იქნება ეს ქალაქების, სახელმწიფოების, თუ საერთაშორისო კავშირების დონეზე. ეს არის ის, რაც მაღელვებს და რისი გაზიარებაც თქვენთვის მიმდინარე არჩევნების და საქართველოს წინაშე არსებული გლობალური გამოწვევების კონტექსტში მინდოდა.

ვიმედოვნებ, რომ ეს დისკუსია პასუხს გასცემს ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებს საქართველოს დემოკრატიის და სხვა საკითხების შესახებ და ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები წარმატებას მოუტანს არა რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, არამედ მოუტანს პოზიტიურ განვითარებას საქართველოს და დემოკრატიულ საზოგადოებას გააერთიანებს იმ საკითხების გარშემო, რომლებზეც ეს ქვეყანა დგას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.