საქართველო

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება: „ივანიშვილი საქართველოს ნახევარს ეუბნება, რომ გავიდნენ ქვეყნიდან და ამის მერე, რას გააკეთებს ჩემ მიმართ, ცოტა ნაკლებად მაინტერსებს“

გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში თავის „მეგობრებთან ერთად ბრუნდება“ და „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი, რომელიც შემდგარია და რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ინტენსიურად მუშაობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნაზე.

„ამ პროცესში არ მიიღო პოლიტიკაში მონაწილეობა, იქნება ფაქტობრივად აბსურდი მთელი შენი წინა ცხოვრება. მაშინ რატომ იყავი ჩართული და მაშინ რატომ გინდოდა რაღაცების შეცვლა და წინ წაწევა. მთავარი არის, რომ ის პოლიტიკური ფორმატი, რომელიც შემდგარია, ოპოზიციური ფორმატი, ის მაგიდა, რომელიც მართლაც შთამბეჭდავია ქართული პოლიტიკისთვის, რომ ამდენი ხანია პოლიტიკოსები ერთი დღის წესრიგით ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ, აი, ეს მაგიდა გაძლიერდეს და არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ პროცესმა მიგვიყვანოს რუსეთისკენ და შეგვატრიალოს ჩრდილოეთით. ეს არის მიზანი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და შეკითხვაზე, იქნება თუ არა მის გუნდში ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასე უპასუხა:

„მე ვგულისხმობ იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ვიყავი… გიორგი სხვათა შორის კრიტიკულ მომენტში აქტიურად აფიქსირებს ხოლმე თავის პოზიციას და ძალიან სწორს შვება“.

მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ თანამშრომლობის საკითხებს მამუკა ხაზარაძის დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტს დამოუკიდებლად გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე თუ „ლელოსთან“ ერთად.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად საინტერესოა 2013 წელს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგენი ბიძინა ივანიშვილის აზრი.

„ძაან ნაკლებად მაინტერესებს ან რას იგრძნობს, ან რას იფიქრებს, ან რას მოიმოქმედებს. საქართველოს ნახევარს ეუბნება, წადით საქართველოდან, იმუშავეთ და არ მჭირდებითო, საქართველოს ნახევარს ეუბნება, რომ გავიდნენ ქვეყნიდან და ამის მერე, რას გააკეთებს ჩემ მიმართ, ცოტა ნაკლებად მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ. როგორც პოლიტიკოსმა, 5 წელი გავიარე პრეზიდენტობა ისე, რომ ოპოზიციაც ჩემს წინააღმდეგ იყო და ხელისუფლებაც ჩემს წინააღმდეგ იყო, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა, რა რეიტინგითაც შევედი, ჩემი რეიტინგი არ დაცემულა, იგივე რეიტინგით დავამთავრე და ალბათ კიდევ მოვიმატე რეიტინგი პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ და ჩემი გარანტი, ჩემი ასე ვთქვათ, სტაბილურობის გარანტი არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ელიტა, ყოველთვის იყვნენ რიგითი მოქალაქეები. რატომ ვერ გაბედა მაშინ და რატომ ვერ შემოვიდა და გამომიყვანა იქიდან, სადაც მინდოდა და სადაც ვიყავი და რასაც მინდოდა ვაკეთებდი. იმიტომ არა, რომ პოლიტიკური ელიტა მიჭერდა მხარს, იმიტომ რომ მხარს მიჭერდა ტაქსისტი, ბიბლიოთეკარი და მასწავლებელი და იქ რას მოიფიქრებენ, ყოველთვის ნაკლებად მადარდებდა“, განაცხადა მარგველაშვილმა.

guardian.ge