საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: „არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მინდა, უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო დეტალები“

არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში ვიქნები, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ შემდეგ იქნება საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე ითანამშრომლეს, რა განწყობაც დამხვდა ამ ოთახში – გამარჯვების, თანამშრომლობის და ერთიანი მიზნის ხედვის, შენარჩუნდება. ამასთან დაკავშირებით ეს პოლიტიკოსები გააგრძელებენ მუშაობას. მე არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რომ რაიმე შევმატო. ჩემი მიზანია, საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატია შედგეს. მე ჩემს თავს მაჟორიტარად ვერ ვხედავ, მინდა, უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რაზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს, რომ ერთ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“ , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, რაც სამარცხვინოა.

„დღეს ადამიანები სხედან ციხეში, იმედი მაქვს, რომ ისინი გამოვლენ, რადგან სამარცხვინოა, ქვეყანას  პოლიტპატიმრები ჰყავდეს. ბევრმა ადამიანმა ღამეები ათენა, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონოდა. მე დღეს მადლობა ვუთხარი ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელმაც შეძლო ურთულეს ვითარებაში ძველი დაძაბულობების დავიწყება, ბევრი პროვოკაციის მცდელობის გადალახვა და შენარჩუნება იმ მაგიდის, რომელმაც მიგვიყვანა უკეთეს დემოკრატიულ სისტემამდე. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმ ადამიანებს, იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებსაც მართლა უყვართ საქართველო ყოველგვარი ამბიციის გარეშე, უყვართ ჩვენი ხალხი, ქვეყანა და უნდათ უკეთესი მომავალი საქართევლოსთვის“ , – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.