საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აბუ დაბიში ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტახტის მემკვიდრეს შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო აფასებს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას – ამ მხრივ, მზადაა იმუშაოს მეგობრული და პოზიტიური თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაფართოებლად, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყნებს ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

აღინიშნა, რომ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით ზრდადი დინამიკაა, და ადგილობრივი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტირებით, ასევე გაზრდილია ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც.

მხარეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ, როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები, ასევე, საქართველო წარმოადგენენ რეგიონულ ჰაბებს და ორი, რეგიონული, საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობის გაგრძელებას და გაფართოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს როლი როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის თვალსაზრისით. საუბარი შეეხო არსებულ უსაფრთხოების გარემოს და აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და გამოთქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს პროვოკაციულ ქმედებებს, გახშირდა, მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევისა და დაკავების ფაქტები. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხის გააქტიურება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მხოლოდ თანმიმდევრულმა და მყარმა პოზიციამ შეიძლება გამოიღოსსაქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში დადებითი შედეგი, ამიტომ რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის უწყვეტი ზეწოლა აუცილებლობაა.

საქართველოს პრეზიდენტმა შედეგიანი უწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. აშშ-ს კონგრესი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საკანონმდებლო დონეზე.

გიორგი მარგველაშვილი მიესალმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას და მისი გაფართოებისა და გაღრმავებისათვის მზადყოფნას გამოთქვამს: მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეზიდენციით ელ-ქუვეითში როლანდ ბერიძე.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.