საქართველო

გიორგი კვირიკაშვილი: პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, ქვეყნის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა

ჩვენი მიზანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციური მშენებლობა, რათა განსაკუთრებით რეგიონებში მაქისმალური იყოს ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების” კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობა სურს.

„მოგეხსენებათ, 70 წლის იუბილე უსრულდება ქალაქ რუსთავს. ძალიან მიხარია, რომ ასეთ დროს მოგვიწია ჩამოსვლა ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში და მის ცენტრში საუბარი იმაზე, რა მიღწევები გვაქვს. მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ამ მიღწევების შესახებ, ვინაიდან, ეს გარკვეულწილად სიამაყის გრძნობას მატებს თითოეულ ჩვენგანს, რადგან ამ მიღწევებში ყველა თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი აქტივობისთვის, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელია, პარტიამ მიაღწიოს წარმატებას. ჩვენი მიზანია, პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციური მშენებლობა, რათა განსაკუთრებით რეგიონებში მაქისმალური იყოს ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა. პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, ქვეყნის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ აუცილებელია, დავუფასოთ ღვაწლი იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის დაარსების პირველივე დღიდან, 2011 წლის შემოდგომიდან ჩვენს გვერდით დგანან და ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში…. მადლობა ყველს, ვინც გულანთებული დგას ჩვენს გვერდით და ამ წარმატებას აშენებს. ჩვენი მიზანია ასევე ის, რომ ახალგაზრდობის ჩართულობა იყოს კიდევ უფრო ფართო, რადგან ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე დინამიური ორგანიზაციის მშენებლობა წარმოუდგენელი იქნება. მინდა, ძალიან ვთხოვო ყველა ახალგაზრდას, აქტიურად ჩაერთონ, გამოთქვან იდეები, რადგან ჩვენ მათ აუცილებლად მოვუსმენთ”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.