საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობას.
„დადგა აუცილებლობა მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია ქართული ოცნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის ბატონი ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ რომ მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ რომ მან თანხმობა განაცხადა“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გააძლიეროს მთავრი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში. მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რასაც მოჰყვება ყრილობა, სადაც დელეგატები ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ. ასევე არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.