საქართველო

გიორგი ვოლსკიმ დაადასტურა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს და ორშაბათს „შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე“

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. სხდომა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და მას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე საუბარი სამთავრობო ცვლილებებს შეეხო და ამ საკითხზე ორშაბათს განცხადებას მამუკა ბახტაძე გააკეთებს.

„ამ თემაზე მსჯელობა იყო. ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა კიდევ პოლიტსაბჭოზე, სამშაბათს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხვალ დილას უკვე გეცოდინებათ, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე“, განაცხადა ვოლსკიმ.

(მამუკა ბახტაძე უმრავლესობის სხდომაზე)

ჟურნალისტების კითხვაზე, ტოვებს თუ არა ბახტაძე თანამდებობას, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

„ამ საკითხთან დაკავშირებით ბახტაძე გააკეთებს გაცილებით უკეთეს, საინტერესო და სიღრმისეულ ინფორმაციას, ვიდრე მე შეიძლება ეს ერთი სიტყვით ვთქვა და გარდა ამისა, არსებობს კიდევ რაღაც კოლეგიალობის სტანდარტი, რომელიც არ ითვალისწინებს წინ გადახტომას იმ განცხადებაზე მაშინ, როდესაც დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ თქვენთვისაც, და საზოგადოებისთვისაც შესაბამისად, იქნება საკმაოდ მოცულობითი და საინტერესო ინფორმაცია და ამასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი არ გამოვა… ამ საკითხზე ხვალ გექნებათ გაცილებით საინტერესო, სრულმასშტაბიანი ინფორმაცია. აქ განსხვავებული მოსაზრებები დღეს – ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ გია ვოლსკი თუ სხვა – ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არის სრულფასოვანი და ამის იქით სალაპარაკო არაფერი არ არის. რაც შეეხება პოზიციებს – ბიძინა ივანიშვილი, გია ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, კიდევ შემიძლია ბევრი ჩამოგითვალოთ, კახა კალაძე, ინფორმაცია, პოზიცია არის ერთი და არ არის ამ პოზიციებში განსხვავება“.

უმრავლესობის სხდომას ესწრებოდნენ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, შინაგან საქმეთა მინისტრისას კი ირაკლი ღარიბაშვილი.

guardian.ge