საქართველო

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება საჯარო მოხელეებს აიძულებს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერების სიები მიიტანონ

“ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია და გადავიდა ტოტალურ ძალადობაზე საჯარო მოხელეებთან მიმართებაში, “უკვე მასობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით მათ დაიწყეს იძულება საჯარო მოხელეების, რომ მიიტანონ მხარდამჭერების სიები სალომე ზურაბიშვილისთვის და წინააღმდეგ შემთხევვაში იმუქრებიან მათი სამსახურებიდან გათავისუფლებით“.

„მე ხელთ მაქვს ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ დააფიქსირეს ასეთი ფაქტები მასიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან მიმართებაში, თვითმმართველობის ორგანოებში. მეორე მხრივ, პირდაპირ მიცემულია დავალება და ურეკავენ ადამიანებს საჯარო მოხელეები, შემდეგი ტექსტით: თქვენ გაქვთ საპატრულო პოლიციის ჯარიმა, ან გაქვთ ჩამორთმეული მართვის მოწმობა დროებით და თუ მოგვიტანთ 15-20 ადამიანის, მხარდამჭერის სიას, ასეთ შემთხვევაში, თქვენ დაგიბრუნდებათ, ან აღიდგენთ მართვის მოწმობას, ან გაგიუქმებთ ჯარიმას.

ეს არის ტოტალური უკანონობა, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის აგონიაში მყოფი „ქართული ოცნების” მასიური ძალადობა საჯარო მოხელეებზე და მთლიანად მოქალაქეებზე. მე ერთი რამ მინდა ვთქვა – ჩვენ თითოეულ ამ ფაქტს დავაფიქსირებთ; მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც დაგირეკავენ მსგავსი ტექსტით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენ შტაბებში”, აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.