საქართველო

გიორგი ვაშაძე: „ქართული ოცნება“ გადავიდა აღვირახსნილ სიცრუეზე

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე კახა კალაძეს, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, შესაძლოა, ქართველი სამხედროები გასამართლდნენ, მოუწოდა, მოუსმინოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებებს.

„საგანგებო მდგომარეობა გვაქვს მართლაც, „ქართული ოცნება“ გადავიდა უკვე აღვირახსნილ სიცრუეზე, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ავრცელებენ, მაგრამ მათი დღევანდელი განცხადებები სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით, უკვე აღარანაირ ნორმაში და სტანდარტში არ ჯდება. დღეს, ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ შეიძლება გამოიძიოს საქმეების კონკრეტულ სამხედროების, კონკრეტული პირების წინაშე. ბატონო კახი, მოუსმინეთ თქვენი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, გუშინწინ, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ კონკრეტული პირების, სამხედროებთან მიმართებაში შეიძლება საქმე აღძრას ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ. უფრო მეტიც, მან ჩაიდინა პირდაპირ ეთერში დანაშაული, სადაც თქვა რომ ეს სამხედროები და სახელმწიფო არაფერ შუაში არ არის ერთმანეთთან და თქვა, რომ სახელმწიფო კი არა, კონკრეტული პირები, თითქოს ეს გმირები იყვნენ ვიღაც ადამიანები, ისე საუბრობს ამ ადამიანებზე. 2015 წელს, ქალბატონმა წულუკიანმა, ალბათ, თქვენი მითითებით და დავალებით გააგზავნა წერილი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც თქვა, რომ ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით. რა მიზნით? ძალიან კარგად იცოდა, რომ ამის შედეგად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწორედ ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყებდა გამოძიებას….

რას აკეთებთ საერთოდ? ან სახელმწიფო იცით რა არის, ან სახელმწიფო ინტერესი რა არის. ხომ არ შეიძლება, რომ თქვენს პერსონალურ ინტერესებს გადააყოლოთ თავიდან ბოლომდე ქვეყანა და სახელმწიფო….

ჭირსაც წაუღია არჩევნები და ყველაფერი – გვაქვს ქვეყანა, გვაქვს სამშობლო, გვაქვს სახელმწიფო – ხომ არ შეიძლება, რომ ყველაფერს ხაზი გადავუსვათ? ხომ არ შეიძლება, რომ შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდე ყველა ნაბიჯით. ეს ხალხო არის გამოუსწორებელი ის შედეგები, რაც შეიძლება საქართველომ იწვნიოს დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, არ შეიძლება სამხედროებს ხაზი გადაუსვათ. არ შეიძლება დავუპირისპირდეთ ყველაფერს, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სახელმწიფოსთვის”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.