საქართველო

გიორგი ვაშაძე: „საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი ბიძინა ივანიშვილი

„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად“, განაცხადა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე, რითაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის „კვირის აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად დგას ბიზნესების დაყაჩაღების სათავეში.

„ჩვენ ამ დღეებში დავინახეთ, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ქურდულ-ოლიგარქული კლანი, ადამიანების კასტა, რომელსაც არ აინტერესებს სახელმწიფო, არ აინტერესებს სახელმწიფო ინტერესები და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე ბიზნესთან და გადავიდა პირდაპირ ძალადობაზე თავისუფალ ადამიანებთან,“ განაცხადა გიორგი ვაშაძემ და დაამატა:

„საქართველოს მართავს კანონიერი ქურდი, ბიძინა ივანიშვილი მის დაჯგუფებასთან ერთად. ქვეყანაში აღარ გვაქვს ინსტიტუციები, ქვეყანაში აღარ არსებობს არაფერი და წარმოიდგინეთ, ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მოვითხოვოთ ამ საქმეების გამოძიება, ვის უნდა მოვთხოვოთ? რომელ პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ, რომელ სამართალდამცავ უწყებებს უნდა მოვთხოვოთ? რომელ შს მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომელიც თურმე პირადად იღებს ამ ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას?!“