საქართველო

გიორგი ვაშაძე მოსახლეობას მიმართავს: მთავარია, თქვენ მოხვიდეთ არჩევნებზე – ვერ შეძლებს „ქართული ოცნება“ თქვენი ხმის გაყალბებას

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” არჩევნების გასაყალბებლად არაერთი მექანიზი და სქემა აქვს შემუშავებული.

გიორგი ვაშაძის თქმით, მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებზე 20 ათასი ადამიანი იქნება მობილიზებული, რომელთაც უმაღლესი სტანდარტის ტრენინგი აქვთ გავლილი, რათა მოხდეს გაყალბების ფაქტების გამოვლენა.

„ბოლო პერიოდში, ალბათ, ყველასთვის ცნობილი გახდა არაერთი სქემა და მექანიზმი არჩევნების გაყალბების, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ შემუშავებული. ეს არის საარჩევნო სიებით მანიპულირება, ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, პირადობის მოწმობების, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ხალხის დაშინება, ბიზნესის დაშინება და ა.შ.

ჩვენ, პირველი ტურის შემდეგ, გავაანალიზეთ ყველა მათი ქმედება არჩევნების გაყალბებისთვის, ასევე გავაანალიზეთ დეტალურად ყველა ის ახალი მექანიზმი, რომელიც მათ აქვთ შემუშავებული იმისთვის, რომ ქართველ ამომრჩეველს წაართვან ხმა.

დღეს უკვე სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მთლიანად, მთელი საქართველოს მასშტაბით, თითოეულ უბანზე, სრული მზაობაა ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან, იმისთვის, რომ აღკვეთოთ ყველა ეს გაყალბების ფაქტი”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მთავარია, თქვენ მოხვიდეთ არჩევნებზე – ვერ შეძლებს „ქართული ოცნება” თქვენი ხმის გაყალბებას”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

წყარო: GUARDIAN.GE