საქართველო

გიორგი ვაშაძე: კახა კალაძემ არაკანონიერი დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს, რომ დააზიანონ და შეღებონ ჩვენი პლაკატები

„ქართული ოცნება“ კოლოსალურ თანხას ხარჯავს რომ დააზიანონ და შეღებონ ჩვენი პლაკატები. გუშინ კახა კალაძემ არაკანონიერი დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს, – განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე და დაამატა, რომ ხელისუფლება ამით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.

„რამდენიმე დღეა უკვე, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართული ოცნება“ კოლოსალურ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ დააზიანონ ჩვენი პლაკატები, ბანერები და, შეღებონ ეს ყველაფერი, კოლოსალურ თანხას ხარჯავენ ამ მიმართულებით და გუშინ ბატონი კალაძე, თბილისის მერი, გამოვიდა, თქვა და დავალება მისცა დასუფთავების სამსახურს, რომ მთლიანად ჩამოეხსნათ ჩვენი პლაკატები ქალაქში. მე მინდა ბატონ კალაძეს მივმართო. ბატონო კახა, შეასრულეთ კანონით თქვენზე დაკისრებული ვალდებულება და შექმენით სტენდები. დააყენეთ ქალაქში სტენდები, სადაც უნდა გამოიკრას პლაკატები და ნუ აძლევთ არაკანონიერ დავალებას, როცა დღეს უკვე სამშენებლო ღობეებზეც და აბსოლუტურად ყველგან, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხსნიან ჩვენს პლაკატებს. მე მინდა გითხრათ, რომ აი, ამ ტოტალურ უკანონობაზე, თქვენ პასუხად მიიღებთ მშვიდობიანი არჩევნებით თქვენ წარსულში ჩაბარებას“, განაცხადა ვაშაძემ და დაამატა: „ჩვენ მშვიდობიანი გზით უნდა შევძლოთ იმ კატასტროფის დასრულება, რაც ხდება ქვეყანაში. 28-ში დასრულდება ის კანონგარეშე ქმედებები, რომელსაც ხელისუფლების შტოები ახორციელებენ“.

„ჩვენ მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა მოვახდინოთ ამ კატასტროფის დასრულება, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ფაქტობრივად, კანონგარეშე მოქმედებს „ქართული ოცნება“ და რა მეთოდსა და ხრიკს, რა ტიპის დაშინებას არ მიმართავს, რომ რამენაირად შემოატრიალოს მათი გაუბედურებული იმიჯი რაც ქვეყანაში არის. აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი არჩევნებით 28-ში ის ტოტალური, უკანონო დაჯგუფებების არსებობა, რაც ქვეყანაშია და ეს აბსოლუტურად კანონგარეშე ქმედებები, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოები“, აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მან ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდა დეზინფორმაციის გავრცელებაზე პოლიციის სტრუქტურებში.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება“ გადავიდა ტოტალური დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ამჯერად, ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ პოლიციის სამსახურებში, სადაც ხვდებიან, რომ მათი მხარდაჭერა ფაქტობრივად, ძალიან დაბალია და ისინი ამბობენ, თითქოს ვინმე მათი სამსახურიდან გაშვებას აპირებს. თუ ვინმემ შეურაცხყო პოლიციელის მუნდრი, რომელსაც ძალიან მაღალი ნდობა ჰქონდა ამ ქვეყანაში, ეს არის ქართული ოცნება“, განაცხადა ვაშაძემ და დაამატა, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ დეპოლიტიზაციას მოახდენენ, რომ „ვერავინ, ვერასდროს, ვერ შეძლოს თავისი მიზნებისთვის ამ უწყების გამოყენება, რომ ვეღარასდროს მოაჯდეს თავზე ღირსეულ პოლიციელს არაპროფესიონალი, პოლიტიკურად მოტივირებული შინაგან საქმეთა მინისტრი თუ მისის მოადგილეები“.

„ყველა პოლიციელი, არათუ შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, არამედ მინიმალური ხელფასი იქნება 2 000 ლარი“, აღნიშნა ვაშაძემ.

guardian.ge