საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ბევრად უფრო ძლიერი

ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას განავითარებს, არამედ საკმაოდ დიდი გადაცემის ეფექტი აქვს.

„ამიტომ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა დავიწყოთ იმ პრობლემების და ხარვეზების მოგვარება, რომელთა გამოსწორება სწრაფად შეიძლება, თუმცა შეგვიძლია, სისტემურ პრობლემებზეც ვისაუბროთ. დარგი კარგად ვითარდება, 9 თვის მონაცემებით დაახლოებით 60 მილიონზე მეტი ბოთლია ექსპორტირებული, რაც კარგი მონაცემებია. კარგად მახსოვს 2012-2013 წლები, როდესაც დაახლოებით 50 ათას ტონაზე ვსაუბრობდით და წელს, რთველში უკვე მიღებული გვაქვს დაახლოებით 270 ათასი ტონა გვაქვს,” – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობას.
„რა თქმა უნდა, უკვე არის დრო, ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, ქართული ღვინის ხარისხი გლეხის და მევენახის ხარისხიდან იწყება, ეს ძალზე მნიშვნელოვანია ყველაფერთან ერთად. მესმის, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ თუ პრაგმატულად, ობიექტურად და შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტელი პრობლემები არ უნდა იყოს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით, მეღვინეებთან პირდაპირი და ეფექტური კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება

„ჩვენ არ გვჭირდება ხანგრძლივი საუბრები იმაზე, რომ რაღაც გეგმები დავსახოთ, კონკრეტული პრობლემატიკა – კონკრეტული გადაჭრის გზები, მხოლოდ ეს არის შეხვედრის მიზანი. ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით, როგორც ჩანს არ იყო მარტივი რთველი და არ მიმდინარეობდა ერთმნიშვნელოვნად, დარჩენილია გარკვეული საკითხები და რას ვაკეთებთ, ამაზეც ვისაუბრებთ. გვესმის, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია და ხარისხზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 9 მილიონ ლარზე მეტია ჩადებული მარკეტინგული პროგრამებისთვის, ამის მიზნობრიობაც საფიქრალია, თუ როგორ გავაკეთოთ და სად მივმართოთ. მოკლედ და კონკრეტულად – მეღვინეობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა, ყოველგვარი შებოჭვის გარეშე, ღიად მითხრათ, სად არის პრობლემები, სად გჭირდებათ დახმარება და შემდეგ მე გეტყვით, სად ვხედავთ გარღვევების საშუალებას და სად შეიძლება ცოტა უფრო ეფექტურებიც ვიყოთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.