საქართველო

გიორგი გახარია: „ფიტჩის“ რეიტინგის შენარჩუნება ძალზე ძლიერი მესიჯია საერთაშორისო გარემოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია

პრემიერ მინისტრი ასევე გამოეხმაურა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის უცვლელად შენარჩუნებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზულ კომპონენტად რჩება. როგორც ჩანს, ჩვენ, ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა, ბრძოლა მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებლები, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი და დავასრულეთ 2019 წელი, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობაა.

„კრიზისთან ბრძოლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები. ეს გვაძლევს  შესაძლებლობას, სწრაფად გამოვიდეთ კრიზისიდან და ეს კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა, თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის და ქართული ეკონომიკისთვის. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც სასიხარულოდ, აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგი უცვლელად შეუნარჩუნა. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს მოხდა გლობალური კრიზისის პირობებში და ასეთი ქვეყანა ბევრი არ არის, რაც პირდაპირ ადასტურებს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ. Fitch-ის პროგნოზით, 2020 წლის ფაქტობრივი ეკონომიკური ვარდნა ჩვენ გვექნება დაახლოებით 4.8 პროცენტი, ხოლო 2021 წლიდან Fitch-ი პროგნოზირებს ეკონომიკური ზრდის უკვე პოზიტიურ მაჩვენებელს 4.5 პროცენტის ფარგლებში. ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. მიზანი მარტივია, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მინიმალური ზიანი ეკონომიკას და ეკონომიკა მოვამზადოთ ისე, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველოს ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები. ჩვენ ეს შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ. მნიშვნელოვანია, ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად არ დაგვავიწყდეს ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რათა საინვესტიციო და ბიზნესგარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უკეთესი. Fitch-ის რეიტინგის შენარჩუნება არის ძალიან ძლიერი მესიჯი საინვესტიციო გარემოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და აქვს სწრაფი აღდგენის პერსპექტივები”, –  განაცხადა პრემიერ მინისტრმა.