საქართველო

გიორგი გახარია: სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა

პრემიერ მინისტრი მთავრობის სხდომაზე მაიკლ პომპეოს ვიზიტს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს და დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმას გამოეხმაურა.

ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური განვითარების და სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

„გუშინ დასრულდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში – უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე ძალზედ მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც განვიხილეთ, პირველ რიგში გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონული პროცესების ჭრილში და, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესების შემდგომ გაძლიერებასა და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას. როგორც შედეგი, ჩვენ საბოლოო ჯამში შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის დროსაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარებისა და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.