საქართველო

გიორგი გახარია: „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ვულოცავ 26 მაისს უდიდესი რწმენით, რომ ერთად შევძლებთ წარმატებული სახელმწიფოს შექმნას“

102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის; საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ,  26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.

მთავრობის მეთაურმა ეროვნული დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა თითოეულ ჯარისკაცს, რომლებიც სამშვიდობო მისიებში იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვთ სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც მოქალაქეებთან ერთად ქართულმა ჯარმა შეიტანა პანდემიის წარმატებულ მართვაში.

„თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ყველას უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა ჩვენს მოქალაქეებთან ერთად შეიტანა პანდემიის წარმატებულ მართვაში. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა,”- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, 102 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, მას შემდგომ ბევრი თაობა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, შრომობდა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლეც შესწირა.

„ყველა თაობას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ გმირებს და გვახსოვდეს მათი სახელები. საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო და დღეს საქართველოს ჯარს ამ ფუნქციის, ამ მისიის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს. დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად, შრომით, “- აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის ძალების როლს და განაცხადა, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი პატივი, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს.

„ჩვენ, ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ტრადიციებზე დაყრდნობით, იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გათვალისწინებით, უნდა ვიყურებოდეთ წინ. თანამედროვე ქართული ჯარი აძლევს უდიდეს მაგალითს ჩვენი ქვეყნის ყველა მცხოვრებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორ უნდა ვიყოთ მობილიზებულები, წარმატებულები და როგორ ეფექტურად უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ, რომ ჩვენ, ყველას შეგვეძლოს ვთქვათ, რომ შევიტანეთ წვლილი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში”, –  განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრსა და თბილისის მერთან ერთად, გვირგვინით შეამკო საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მედლით დაჯილდოვდნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები.