საქართველო

გიორგი გახარია: საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, მომდევნო სამი თვით გადაუვადდება სესხების მომსახურება

საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, მომდევნო სამი თვით გადაუვადდება სესხების მომსახურება, პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი 3 თვით გადაუვადა. ეს 3 თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ ასეთი შეხვედრა და ასევე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს: ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება 3 თვით. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა და აქვს კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საპროცენტო გადასახადის გადავადება 3 თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, განაცხადა გახარიამ.