საქართველო

გიორგი გახარია: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა აქტიურად, 24 საათიან რეჟიმში მოქმედებენ

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, მთავრობა იყენებს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს.

„რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში, ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.