საქართველო

გიორგი გახარია: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რაც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას გულისხმობს, შინაარსობრივი რეგულირების საჭიროება გააჩინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რაც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას გულისხმობს, შინაარსობრივი რეგულირების საჭიროება გააჩინა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში, გახდა აუცილებელი შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანის მოხმარების. ამ ნაწილში, ჩვენ მთავრობის დავალებით, გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გავრცელების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ პირად სივრცეში….

ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, იქნება დასჯადი.

მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდას ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში იქნება სისხლის სამართლით დასჯადი….

თუ დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და ეფექტური კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკების მოხმარებისთვის, დღეს ჩვენ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებული გვაქვს”, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, მარიხუანას კულტივაცია საექსპორტოდ, მკაცრად და ეფექტურად უნდა დარეგულირდეს.

„რაც შეეხება მარიხუანას კულტივაციას, აქ რეგულაციები არის მკაცრი საჭირო და რეგულაციები უნდა იყოს ეფექტური. გარდა ამისა, ერთი მხრივ გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით და იმ სულისკვეთებით, რომელზეც ჩვენ ვპასუხობთ. მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები ასევე იქმნება. მე შემიძლია ჩამოგითვალოთ მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც უკვე სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგარული. ასეთია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, კანადა, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი და კიდევ ბევრი….

როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს გააჩნია და შეუძლია, რომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არამხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც, როდესაც ჩვენ მეორე მხრივ, გვაქვს ძალზე სერიოზული პრობლემები მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში, რომლის გადაჭრაშიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ეკონომიკური ხასითის პრობლემები და ის სერიოზული მისიები, რაც ამ მიმართულებით არის გასაკეთებელი. ის მოძრაობა, რომელიც არის ევროპაში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავარეგულიროთ მკაცრად და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების მოხმარების რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც.​

ჩვენთვის, შსს-თვის რა არის მთავარი?! არც მოხმარების მომენტი, იმ საკანონმდებლო ჩარჩოში და არც ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შს სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას, პირიქით, მოგვეხმარება”, განაცხადა გიორგი გახარიამ.