საქართველო

გიორგი გახარია: „რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკის გათვალისწინებით, რისი შესაძლებლობაც გვექნება სწორედ ასე, მიზნობრივად გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დახმარებას”

არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენ ჯერ კიდევ, ყველანი ერთად, მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით მძიმე კრიზისს და პირველივე დღიდან ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეების სოციალურად ფართო წრეებისა იქნება თანმიმდევრული და გონივრული, აუცილებლობიდან გამომდინარე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტის ტრიბუნასთან დგომისას მთავარი პრეტენზია მოქალაქეების დახმარების რაოდენობას შეეხებოდა, რასაც გიორგი გახარიამ სპეკულირება უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მთავარი სწორედ მოქალაქეა, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ოჯახში შემოსავალი შეუმცირდა.


„პარლამენტში როდესაც ტრიბუნასთან ვიდექი ძირითადი პრეტენზია იყო რატომ ეხმარებით ასე ცოტათი მოქალაქეებსო. ეს ყველაფერი არის სპეკულირება. მთავარი ჩვენთვის არის ჩვენი მოქალაქე, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ოჯახში შემოსავალი შეუმცირდა და უბრალოდ უჭირს. შესაბამისად, ახლა ჩვენი და ჩემი ამოცანა, როგორც ამ მთავრობის ხელმძღვანელის არის მოქალაქეების მიზნობრივი დახმარება, სოციალური დახმარება, რათა ის მოხმარების დონე, რაც მათ ჰქონდათ და განსაკუთრებით ბავშვებს, მაქსიმალურად დავეხმაროთ, რომ როგორმე შეინარჩუნონ. რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკის გათვალისწინებით, რისი შესაძლებლობაც გვექნება სწორედ ასე, მიზნობრივად გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დახმარებას,”- აღნიშნა პრემიერმა.