საქართველო

გიორგი გახარია: „პოლიტიკური ინტერესების გამო, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას რისკი არ უნდა შევუქმნათ, რადგან პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, ოკუპაციის მშვიდობიანად გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს“

დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

გიორგი გახარიას თქმით, მან ერთ-ერთი კონგრესმენისგან მიიღო წერილი, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატებები.

„პირველ რიგში, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის ძალიან სხვადასხვა. მაგალითად, მე გუშინ მივიღე ერთ-ერთი კონგრესმენისგან, ჯო ვილსონისგან შესანიშნავი წერილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატებები. ამიტომ, იქ კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა მოტივი არსებობს და, რა თქმა უნდა, ამ შიდა სფეროებში არ ჩავერევი. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და მომავალზე ორიენტირებული, რომლის ძირითადი აქცენტები იყო, რამდენად ფასეულია, როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-სთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებშიც. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ყველა კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდეგ, როდესაც ეს ქვეყანა, ჩვენ, თქვენ ყველანი ერთად ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ.

სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ეს არ არის ჩემი მოგონილი და ჩემი დანახული რეალობა. ეს არის ობიექტური რეალობა. რაც შეეხება სუბიექტურ რეალობას და რეალობის მოდელირებას, სუბიექტური რეალობის მოდელირებით, ზოგიერთები რომ ცდილობენ, ქვეყანა დააზიანონ, „ოცნება“ და მთავრობა კი არა, ქვეყანა დააზიანონ, ეს არის სამწუხარო. ამიტომ, ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება. ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში არაფერი ემუქრება, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ამერიკელებიც თავიანთ ვალდებულებებს, იქნება საინვესტიციო, თუ სხვა სახის ვალდებულებები, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს, მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ უნდა ვუდგებოდეთ ქვეყანას, უნდა გვიხაროდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, პოლიტიკური ინტერესების გამო, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას რისკი არ უნდა შეუქმნან, რადგან პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, ოკუპაციის მშვიდობიანად გადაწყვეტის სხვა გზა არ არსებობს.

„მთავარია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტო ჩემთვის არა, მარტო მთავრობისთვის ან მარტო მმართველი პარტიისთვის არა, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას რისკი არ უნდა შევუქმნათ, განსაკუთრებით რაღაც გამოგონილი შეკითხვებით. რატომ არ უნდა შევუქმნათ იცით? იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის გარდა, ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს, ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. როდესაც მოკლევადიანი, საარჩევნო, კონიუნქტურული, პოლიტიკური ინტერესებიდან რაღაც უაზრო კითხვებს სვამთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამით ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანა დავაზიანოთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.