საქართველო

გიორგი გახარია – მშვიდობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის – 24 საათიანი მძიმე შრომა, ძლიერი და ერთიანი საქართველო არის ის რასაც ერთად უნდა ვემსახუროთ

მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის, – განაცხადა მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ.
მთავრობის მეთაურის თქმით, თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ეს ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა.
„თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. რა თქმა უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიზარდეთ, როგორც ჩვენ, ასევე აფხაზები. ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს იმის გაგება და შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შემდგომში უნდა ავაშენოთ ერთიანი სახელმწიფო. ეს არის კიდევ ერთი ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არის ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, ომი არ არის გამოსავალი, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“.