საქართველო

გიორგი გახარია: კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება და მთავრობამ ეს მოსახლეობას დაუფარავად უნდა უთხრას.

„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. ამისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ სამედიცინო პერსონალს, თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება და ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად“, განაცხადა გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამოწვევები იზრდება, რადგან შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე და ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად და ამას ადეკვატურად უპასუხოს. გახარიამ თქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

პრემიერის თქმით, ქვეყნისთვის ახლა უმთავრესი პრიორიტეტები არიან მოქალაქეები და მათი ჯანმრთელობა, ასევე ეკონომიკა და სასურსათო მარაგებით უზრუნველყოფა და ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ქვეყანაში სურსათის შესაბამისი მარაგებია.

„როგორც კი დავინახავთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა აუცილებელი, მთავრობა არა მარტო გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, არამედ უფრო მკაცრ ზომებსაც კი მივიღებთ.

„ახლა ზუსტად ის მომენტია, რომ ერთმანეთზეც ვიზრუნოთ და ქვეყანაზეც“, განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 18 მარტიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა და ეს აკრძალვა არ შეეხება თბილისის სხვა მუნიციპალურ ტრანსპოორტს – მეტროს და ავტობუსებს. გახარიამ დააზუსტა, რომ სამარშრუტი ტაქსების მოძრაობის აკრძალვას მხოლოდ თბილისში არ ექნება ადგილი.