საქართველო

გიორგი გახარია: ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც, გლობალური პანდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენოს

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, ეს განსაკუთრებით აშკარაა და სახეზეა ევროპაში; ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენ ამავე დროს, ვიმყოფებით წინასარჩევნო პროცესში, რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც, გლობალური პანდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენოს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

„მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ. მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ მოქალაქეებს, რომ ვატაროთ პირბადე. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების. ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, როგორ შეგვიძლია კოვიდის პირობებში, ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება აქ, საქართველოში,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.